ახალი ამბები

ბადაგონის საქმეზე გამოძიება შეწყდა

როგორც knews.ge-ს საგამოძიებო სამსახურში განუცხადეს, გამოძიების მიმდიინარეობის დროს დანაშაულის ნიშნები არ გამოიკვეთა. 
„ბადაგონის“ დამფუძნებელი, გიორგი სალაყაია ფაქტს სოციალური ქსელში გამოეხმაურა:
„დღეს ბადაგონი ზეიმობს გამარჯვებას! ამ გამარჯვებას კომპანიის თანამშრომლებთან ერთად ზეიმობს ათიათასობით ბადაგონის მხარდამჭერი და მომხმარებელი.
სოციალური ქსელების მეშვეობით “ბადაგონი” იღებს გულითად მილოცვებს და მხარდაჭერის გამომხატველ განცხადებებს. ყველას უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ გულწრფელი სიყვარულისთვის და გვერდში დგომისთვის, რომელსაც ვგრძნობდით მე და მთელი კომპანია ამ განსაცდელის დროს. ამასთან ერთად, არ შეიძლება არ აღვნიშნო და არ გადავუხადო მადლობა პირადად საქართველოს პრემიერ მინისტრს, ბატონ გიორგი კვირიკაშვილს ჩვენი კომპანიის მხარდაჭერისთვის და ასევე, ფინანსური პოლიციის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურსა და პროკურატურის ყველა იმ მუშაკს, რომელმაც გამოიჩინა პროფესიონალიზმი“, – წერს სალაყაია.
კომპანია “ბადაგონში” ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური 7 თებერვალს შევიდა. უწყების ცნობით, გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით შპს ,,ბადაგონის“ ყოფილი მეწილის, კომპანია „გრაკორო თრეიდინგ ლიმიტედის“ წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე. კერძოდ, გამოძიება კომპანიას დიდი ოდენობით წილის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებას ედავებოდა. საგამოძიებო სამსახურის შესვლის გამო ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხოდაშენსა და საგარეჯოს რაიონის სოფელ მანავში მდებარე კომპანია „ბადაგონის“ ღვინის ქარხნებმა მუშაობა შეაჩერეს. 
„ამ სახის დავას განიხილავს საქალაქო სასამართლო. როდესაც ერევა ფინანსური პოლიცია, ეს ნიშნავს, რომ სურთ “ბადაგონის” გაკოტრება. ამ ფაქტს არანაირი კავშირი არ აქვს სამართლებრივ პროცესთან. ეს არის 2006 წლს ჩატარებული სპეცოპერაციის გამეორება. მაშინ სააკაშვილის ხელისუფლებამ ამის გამო ბოდიში მოიხადა. 2006 წლის შემდეგ თუ მსგავსი ვანდალური ფაქტი განმეორდებოდა, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს პოლიტიკური მოტივით გააკეთეს”, – აცხადებდა Knews.ge-სთან საუბრისას კომპანია “ბადაგონის” ადვოკატი, ზაზა ხატიაშვილი.
კომპანია “ბადაგონის” 100% წილის მფლობელი დღეს გიორგი სალაყაიაა, თუმცა წლების განმავლობაში ამ კომპანიაში წილს „გრაკორო ტრეიდინგ ლიმიტედი“ ფლობდა, რომელიც 2010 წლის თებერვალში ბადაგონის 100% წილის მფლობელად ირიცხებოდა.

ფოტოზე კომპანია “ბადაგონის” სოფელ ზემო ხოდაშენის ღვინის ქარხანა.