ახალი ამბები

კამპანია ძალა ევროპაშია კახეთიდან დაიწყება

ევროტური 20 მაისს კახეთიდან აიღებს სტარტს. კოალიციის „ევრო-ატლანტიკური საქართევლოსთვის“ და „საერთაშორისო გამჭვრივალობა-საქართველოს“ წარმომადგენლები მოსახლეობას ინფორმციას მიაწვდიან ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის დადებით მხარეებსა და რუსული პროპაგანდის გავლენებზე. 
როგორც knews.ge-ს კამპანიის ორგანიზატორებმა განუცხადეს, სამი დღის განმავლობაში დაგეგმილია შეხვედრები უჯარმის, ვარდისუბნის, ჩუმლაყის, წნორის, კაჭრეთისა და ბადიაურის მცხოვრებლებთან, ასევე გურჯაანის ბაზარში და ღვინის ქარხანაში სტუმრობა, სადაც ადგილობრივ ბიზნესმენებსა და დასაქმებულ ადამიანებს გაესაუბრებიან. 
„კამპანიის ფარგლებში მოეწყობა ღია დისკუსიები სტუდენტებისთვის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში და კაჭრეთის პროფესიული სწავლების ცენტრში (აისი). აქტივობების მიზანია ახალგაზრდებისინფორმირებულობის დონის ამაღლება ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისა და რუსული პროპაგანდის შესახებ, რათა შემუშავდეს ერთობლივი გეგმა, როგორ ვებრძოლოთ რუსულ პროპაგადას და რუსული ნარატივის მატარებელ სტერეოტიპებს. შეხვედრა ჩატარდება ღია დისკუსიის ფორმატში და სტუდენტებს საშუალება ექნებათ, მათთვის საინტერესო კითხვები დაუსვან კოალიციის წევრებსა და მათ მხარდამჭერებს“, – განუცხადეს knews.ge-ს კამპანიის ორგანიზატორებმა. 
მათივე ცნობით, კამპანიის „ძალაე ვროპაშია“ მიზანია ხელი შეუწყოს საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლებას ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ გაერთიანებებში ინტეგრაციისა და განვითარებულ სამყაროსთან დაახლოების დადებითი მხარეების შესახებ და უზრუნველყოს საზოგადოების მეტი ჩართულობა დასავლური ღირებულებების სწორად გააზრებისა და პოპულარიზაციის პროცესში.
ევროტური ხორციელდება “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ და კოალიცია „ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის“ მიერ, რომელშიც გაერთიანებულია სხვადასხვა მიმართულებისა და პროფილის 24 საზოგადოებრივი ორგანიზაცია.