სკოლებში სპორტული ღონისძიებების დაფინანსება გაორმაგდა
მიხეილ ჩხენკელის განმარტებით, მოზარდთა სპორტული და შემოქმედებითი აქტივობები წახალისდება, რათა მოსწავლეებმა მთელი ენერგია სწავლაში, შემოქმედებით აქტივობებსა და სპორტში დახარჯონ. .
,,ამ კუთხით მნიშვნელოვანია განათლებისა და სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროების ერთობლივი ინიციატივა, რომლის ფარგლებში უკვე დაწყებულია ფართომასშტაბიანი კამპანია სპორტის სხვადასხვა სახეობაში, რომელშიც მონაწილეობის შესაძლებლობა ყველა მოსწავლეს აქვს. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ გაორმაგდა სპორტული ღონისძიებების დაფინანსება”, – განაცხადა მიზეილ ჩხენკელმა.
მინისტრის ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილია სასკოლო სპორტული ოლიმპიადები.
“სასკოლო სპორტულ ოლიმპიადას, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ეროვნულ დონეზე ჩაატარებს და მთელ საქართველოს მოიცავს. მასობრივ ფიზიკურ და სპორტულ აქტივობაში ჩაერთვება 1700-ზე მეტი საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების ორივე სქესისა და სხვადასხვა ასაკის 100 000-ზე მეტი მოსწავლე. სკოლების მოსწავლეთა მონაწილეობით შედგება 8000-ზე მეტი სპორტული შეჯიბრი. ადგილობრივ ოლიმპიადებში გამარჯვებული მოსწავლეები საერთაშორისო სასკოლო სპორტულ შეჯიბრებებში მიიღებენ მონაწილეობას. სკოლებს შორის მუნიციპალური, რეგიონული, ზონალური და დასკვნითი შეჯიბრებების ორგანიზება განხორციელდება 9 სახეობის სპორტულ და ფიზიკურ აქტივობებში, კერძოდ: მხიარული სტარტები, სპორტულ-შემეცნებითი თამაშები, მინი ფეხბურთი (ფუტზალი), კალათბურთი (3×3), ფრენბურთი, ხელბურთი, ბადმინტონი, მაგიდის ჩოგბურთი და მძლეოსნობა”,- აღნიშნა ჩხენკელმა.