თელავში სასტუმრო Holiday Inn, სავარაუდოდ, სექტემბერში გაიხსნება
„ჰოლიდეი ინის“ სასტუმრო „თელავის” შენობაში განთავსდება. ძველი სასტუმრო ბიზნესმენმა შალვა ერისთავმა რამდენიმე წლის წინ შეიძინა და მისი რესტავრაცია საკუთარი სახსრებით დაიწყო. ბიენსმენი ამბობს, რომ გასულ წელს სარემონტო სამუშაოებისთვის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პროგრამა Creditline-ის ფარგლებში 6 მილიონი ლარის კრედიტი თი ბი სი ბანკისგან დამატებით აიღო. შალვა ერისთავის ინფორმაციით, იმავე პროგრამით ბანკიდან მილიონი დოლარის კრედიტიც გამოიტანა.
მისივე თქმით, სასტუმრო 6 სართულიანი იქნება, სადაც 85 ნომერი განთავსდება. სასტუმროში იქნება საკონფერენციო დარბაზები, ოფისები, რესტორანი „კახელები“, აუზი, ტრენაჟორები და ესპანური რესტორანი.
„სასტუმროს ესპანური ჯგუფი მართავს და მათ რესტორნის თავიანთი კონცეფცია შემოგვთავაზეს. ეს გადაწყვეტილება, ბუნებრივია, „ჰოლიდეი ინ”-თან შეთანხმდა. თელავის სასტუმრო „ჰოლიდეი ინ”-ის სასტუმროებს შორის ყველაზე მაღალი კლასის იქნება. მის გახსნას სექტემბერში ვვარაუდობთ”, – აცხადებს შალვა ერისთავი.