ახალი ამბები

დღეს, ღამის საათებში, კახეთის მუზეუმების დათვალიერება უფასო იქნება

როგორც knews.ge-ს კულტურისა და სპორტის სამინისტროში განუცხადეს, ღონისძიების ფარგლებში, 21:00-დან 01:00 საათამდე, კახეთის რეგიონში 9 მუზეუმის დათვალიერება უფასო იქნება. 
უწყების ინფორმაციით, გრემის მუზეუმი, თელავის ისტორიული მუზეუმი, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელი ქისტაურის რაფიელ ერისთავის სახლ-მუზეუმი, სიღნაღის მუზეუმი, ყვარლის ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმი, სიღნაღის სანდრო მირიანაშვილისა და ვანო სარაჯიშვილის მუზეუმი, ლაგოდეხის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი და გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელი კარდენახის იოსებ ნონეშვილის სახლ-მუზეუმი დამთვალიერებელს უფასოდ უმასპინძლებენ. მუზეუმების ტერიტორიაზე გაიმართება საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოფენა და ფილმის ჩვენება, ფოლკლორული ანსამბლების კონცერტები, პოეზიის საღამო, შემოქმედებითი ვიქტორინები და სხვა ღონისძიებები. 
“თელავის ისტორიული მუზეუმი უერთდება აქციას “ღამე მუზეუმში. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 21 საათზე, გაიმართება გამოფენა “თელავის მუზეუმის ისტორია დაარსებიდან დღემდე”, 22 საათზე დაგეგმილია კონფერენცია თემაზე: საქართველო 1918-1921 წლებში, 23 საათზე – პოეზიის საათი პატრიოტულ თემაზე, 23:30 საათზე – კონცერტები ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით, 00:30 საათზე – ბენდის კონცერტი”, – განუცხადა knews.ge-ს თელავის ისტორიული მუზეუმის დირექტორმა, გურამ ურჩიხიშვილმა. 
აქციას „ღამე მუზეუმში“ საფუძველი 2005 წელს ევროსაბჭომ ჩაუყარა და მას შემდეგ რეგულარულად ტარდება ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში. მოგვიანებით, აქციამ ფართო მასშტაბი მიიღო და გავრცელდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.