ლაგოდეხში ბლუზის საერთაშორისო ფესტივალი 23 ივნისს გაიხსნება
ღონისძიება მეორე წელია, რაც კახეთში ტარდება.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ფესტივალი რეგიონის პოპულარიზაციასა და ტურიზმის განვითარებას უწყობს ხელს.
,,ნაკრძლის მიმდებარედ ტრადიციული ბლუზფესტივალის ჩატარება კარგი საშუალებაა მნიშვნელოვანი ტურისტული ნაკადების მოსაზიდად. ეს საგრძნობლად გააუმჯობესებს რეგიონის ეკონომიკას, აამაღლებს მის ცნობადობას ევროპულ ტურისტულ რუკაზე”, – განუცხადეს Knews.ge-ს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში.
ფესტივალი 23 ივნისიდან 18 აგვისტომდე გაიმართება და 14 კონცერტი გაიმართება. ფესტივალში მონაწილეობენ 8 ქვეყნის: საქართველოს, აშშ-ის, საფრანგეთის, ინგლისის, ისრაელის, კანადის, ჰოლანდიის და რუსეთის წარმომადგენლები.
ლაგოდეხს ეწვევიან ბლუზის ვარსკვლავები შერონ ლუისი, შარლ ბარტონი, ჯეისი სმიტი, კენი ვეინი და სხვები.
ბლუზის პირველი საერთაშორისო ფესტივალი ლაგოდეხის ნაკრძალის მიმდებარედ, გასულ წელს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით ჩატარდა.