სტატიები

თელავში DCFTA-ს საინფორმაციო რესურს ცენტრი გაიხსნა

 DCFTA-ს საინფორმაციო რესურს მაგიდა ორგანიზაციის ,,People in Need Georgia” პროექტის ფარგლებში ამოქმედდა, რომლის მიზანია სოფლად მცხოვრები ფერმერების ინფორმირება.
ცენტრის კონსულტანტის თქმით, რესურს-მაგიდები დაეხმარება მეწარმეებს, საკუთარი პროდუქცია ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანონ. ნატალია ცისკარაშვილი აღნიშნავს, რომ კონსულტანტები DCFTA-სთან დაკავშირებით არსებულ და მოსალოდნელ რეგულაციებზე ინფორმაციას მიაწვდიან.
,,მედია ცენტრი კახეთის ბაზაზე გაიხსნა DCFTA-ს საინფორმაციო რესურს ცენტრი. აღნიშნული კუთხე თელავის გარდა, გაიხსნა ახმეტასა და სიღნაღში. ჩვენი კონსულტანტები სოფლად მცხოვრებ მცირე და საშუალო მეწარმეებს, ბიზნესმენებს დახმარებას გაუწევენ, რომ მაქსიმალურად დაუახლოვონ წარმოება და პროდუქცია ევროპულ სტანდარტებს, რასაც DCFTA ითვალისწინებს და მოიცავს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის რეგულაციები‘’,- განუცხადა knews.ge-ს ნატალია ცისკარაშვილმა.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიუთითებენ, რომ მეწარმეებს ახალი რეგულაციების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. თელავის დემოკრატიის სკოლის კოორდინატორი ნიკოლოზ შარვაშიძემ ამბობს, რომ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ საინფორმაციო ცენტრი ხელს შეუწყობს ფერმერების ინფორმირებას, როგორ აწარმოონ ეკოლოგიურად სუფთა, უვნებელი პროდუქტი, გაყიდონ წარმოებული პროდუქცია და სხვა.
,,მეწარმეებს უჭირთ ახალი რეგულაციების გააზრება, არ ფლობენ საჭირო და სწორ ინფორმაციას. მნიშვნელოვანი იქნება, თუ მედია ცენტრი კახეთი და საინფორმაციო ცენტრი მათ მიეხმარება, სწორად მოამზადონ დოკუმენტაცია, წარადგინონ თავიანთი პროდუქცია სხვადასხვა ბაზარზე. ეს ხელს შეუწყობს მეტი ქართული პროდუქტის გატანას ექსპორტზე‘’,-განუცხადა knews.ge-ს ნიკოლოზ შარვაშიძემ.
DCFTA-ს შესახებ ინფორმირების აუცილებლობაზე საუბრობენ თავად ფერმერებიც. ისინი იმედოვნებენ, რომ რესურს ცენტრი მათ მიაწვდის დეტალურ ინფორმაციას აღნიშნულ საკითხებზე და დაეხმარება მათ ბიზნეს გეგმების დაწერასა და დონორების მოძიებაში. 
,,ინფორმირება აუცილებელია ფერმერებისთვის, რადგან ჩვენ ახალ რეგულაციებს მოგვიანებით ვიგებთ, ამ ცენტრის დახმარებით კი გავიგებთ სიახლეებს დროულად. ასევე რაც მნიშვნელოვანია, აქ დაგვეხმარებიან ამ რეგულაციების მარტივად ათვისებაში, რაც საქმიანობას გაამარტივებს’’,- ამბობს ფერმერი ნუნუ კარდენახლიშვილი.
,,მე მინდა ვაწარმოო სატაცური, გამოვიყვანო ნერგები, სხვებსაც დავეხმარო ამ საქმიანობის დაწყებაში და შემდეგ მათთან ერთად გავაკეთო კოოპერატივი. სწორედ ამ საქმიანობის დროს დაგვეხმარება აღნიშნული რესურს მაგიდა და კონსულტაციები საინტერესო თემებზე. გარდა ამისა, კონსულტანტების დახმარებით შევძლებთ ადგილზე გავიგოთ, როგორ გავყიდოთ უკეთ პროდუქცია, როგორ ვაწარმოოთ უსაფრთხო და სუფთა პროდუქტი‘’,- აღნიშნავს knews.ge-სთან საუბრისას ფერმერი მარიამ დარჩიაშვილი.
თელავის გარდა, DCFTA-ის რესურს მაგიდები სიღნაღისა და ახმეტის მუნიციპალიტეებტშიც გაიხსნა. არასამთავრობო ორგანიზაციის ,,People in Need Georgia” წარმომადგენელი, პროექტის მენეჯერი ნანა ფერაძე აღნიშნავს, რომ საინფორმაციო რესურს-ცენტრები ფერმერებს ხელს შეუწყობს, 2020 წლისთვის თავიანთი წარმოება ევროკავშირის სტანდარტებს დაუახლოვონ. 
,,ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის ფაზაზე ვართ გადასულები და ადგილობრივ ფერმერებს არ აქვთ ინფორმაცია, რას გულისხმობს DCFTA და რა სტანდარტები არსებობს, რომელსაც მათ მიერ წარმოებული პროდუქცია უნდა აკმაყოფილებდეს. სწორედ ამიტომ 7 რეგიონში 23 ორგანიზაცია გადამზადდა სხვადასხვა დროს, ჩატარდა ტრენინგები და რესურს-მაგიდები გაიხსნა. იქ მომუშავე კონსულტანტები ფლობენ ყველა საჭირო ინფორმაციას, რომელსაც ფერმერებს გაუზიარებენ. ცენტრები დაეხმარებათ ფერმერებს, რომ არ გაუჭირდეთ 2020 წლისთვის ახალ სტანდარტებზე გადასვლა. ჩვენ მივაწვდით მათ ეტაპობრივად ინფორმაციას, თუ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს მათი წარმოება და პროდუქცია‘’, – განუცხადა knews.ge-ს ნანაფერაძემ.