დღეს კახეთის მუნიციპალიტეტებში ეროვნული სამოსის დღე აღინიშნება
13:00 საათიდან თელავში გაიმართება ეროვნული სამოსის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მსვლელობა მუნიციპალიტეტის მერიის შენობიდან ერეკლე მეორის სასახლის კომპლექსამდე. როგორც knews.ge-ს თელავის მერიის კულტურის სამსახურში განუცხადეს, ღონისძიების ფარგლებში ისტორიული მუზეუმის ღია ამფითეატრში გაიმართება ფოლკლორული კონცერტი ადგილობრივი ვოკალური და ქორეოგრაფიული ანსამბლებისა და მუსიკალური სტუდიების მონაწილეობით.
ეროვნული სამოსის დღეს სიღნაღის მუნიციპალიტეტიც შეუერთდება. მერიის ინფორმაციით, ქართულ ეროვნულ სამოსში გამოწყობილი მოქალაქეები მთელ ქალაქს , მათ შორის ტურისტულ ლოკაციებს მოივლიან და სიღნაღის ეროვნულ მუზეუმს ესტუმრებიან. მსვლელობის დასრულების შემდეგ, აღმაშენებლის მოედანზე, აქციის მონაწილეები ფოლკლორულ ნომრებს წარმოადგენენ. მსვლელობაში მონაწილეობა ნებისმიერ მოქალაქეს და ტურისტს შეუძლია. კოსტუმირებული მსვლელობა აღმაშენებლის მოედნიდან 14:00 საათზე დაიწყება. ეროვნული სამოსის დღე გურჯაანის მუნიციპალიტეტშიც აღინიშნება.
“17:00 საათიდან, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური, ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმში ეროვნული სამოსის დღის აღსანიშნავად მოსახლეობას მე-19 საუკუნის საქართველოში ეპატიჟება. პროექტის ფარგლებში, ღვინის დეგუსტაციასთან ერთად, სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, იხილონ გაცოცხლებული ეპიზოდები ძველი ქართული ფილმებიდან. აუცილებელია, სტუმარი ატარებდეს ეროვნულ სამოსს ან/და ეროვნულ აქსესუარს”, – განუცხადეს knews.ge-ს გურჯაანის მერიის კულტურის სამსახურში.