ახალი ამბები

არასამთავრობო სექტორმა გურჯაანის გენდერული საბჭოს წევრად ლია ხუროშვილი აირჩია

როგორც knews.ge-ს საკრებულოში განუცხადეს, საბჭოს შემადგენლობაში ადამიანთა უფლებათა ცენტრის კახეთის ოფისის კოორდინატორი ლია ხუროშვილი შევა. 
უწყების ინფორმაციით, შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი მუნიციპალიტეტების გენდერული თანასწორობის საბჭოების სამოქმედო გეგმის შემუშავებაში. 
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გენდერული თანასწორობის საბჭო მიმდინარე წლის თებერვალში ჩამოყალიბდა. knews.ge-სთან საუბრისას საკრებულოს წევრმა მარიამ სირბილაშვილმა განაცხადა, რომ საბჭოს ძირითადი ამოცანები იქნება გენდერული თანასწორობის მიღწევისათვის, ქალთა და მამაკაცთა თანასწორი უფლებების რეალიზაციისათვის ცალკეული ღონისძიებების შემუშავება და დაგეგმვა.

“საბჭოს მთავარი მიზანი გენდერულ საკითხებზე სისტემური და კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა იქნება. გენდერული თანასწორობის საბჭო ამ მიმართულებით იმუშავებს მოქალაქეების პრობლემებზე, შემორჩენილი სტერეოტიპების ნგრევაზე, ნაადრევ ქორწინებაზე, ბულინგზე. საბჭომ წელიწადში ერთხელ გურჯაანის საკრებულოს უნდა წარუდგინოს ანგარიში გაწეული საქმიანობისა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გენდერული თანასწორობის მდგომარეობის შესახებ”, – განუცხადა knews.ge-მარიამ სირბილაშვილმა.

საინფორმაციო სააგენტო “რეგინფოს” ფოტო.