კახეთში სალაშქრო ბილიკების განვითარება იწყება
ბოლო 3 წელიწადში ადმინისტრაციამ საქართველოს 8 რეგიონი შეისწავლა და მოიკვლია 190-მდე სალაშქრო ბილიკი. მოკვლევის პარალელურად ბილიკებს მონიშნავენ და ონლაინ სივრცეში გადაიტანენ.
უწყებაში აცხადებენ, რომ შეიქმნა 60-ზე მეტი მარშრუტი, მონიშნული ბილიკების საერთო სიგრძემ კი 722 კმ შეადგინა. ყველა ბილიკი ქართული, ეროვნული სტანდარტის მიხედვით შეიქმნა, რომელიც 2015 წელს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ჩამოაყალიბა.
,,სალაშქრო ბილიკების შექმნისა და მონიშვნის პარალელურად ინფორმაცია ბილიკების ქსელის შესახებ ინტერნეტ სივრცეში განთავსდა. USAID-ის პროექტ ზრდასთან თანამშრომლობით მონიშნული ბილიკები ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ საძიებო პლატფორმაზე – www.wikiloc.com-ზე განთავსდა. ეს არის სათავგადასავლო მარშრუტებისათვის შექმნილი სპეციალური საიტი, რომელზეც ამჟამად ატვირთულია 8 მილიონ 400 ათასზე მეტი ბილიკი მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ჰყავს 3 მილიონ 600 ათასზე მეტი დარეგისტრირებული მომხმარებელი. Wikiloc-ს ავტომატური სინქრონიზაცია აქვს Google Earth-თან, ანუ საქართველოს ბილიკები მსოფლიოში უდიდეს პლატფორმაზეც გამოჩნდება, რაც კიდევ უფრო გაადვილებს მათ პოპულარიზაციას და საქართველოში მეტი მოგზაურის მოზიდვას. Wikiloc-ზე ოფიციალური გვერდი დარეგისტრირებულია სახელწოდებით: Georgia and Trave, სადაც განთავსებულია დეტალური ინფორმაცია მონიშნული ბილიკების შესახებ ქართულ და ინგლისურ ენებზე, სადაც ყველა ის მნიშვნელოვანი ინფორმაციაა, რომელიც მოგზაურს სჭირდება ბილიკის შესახებ და რაც მოგზაურობას უფრო მარტივს და რაც მთავარია უსაფრთხოს ხდის. ამჟამად საიტზე ატვირთულია სხვადასხვა სირთულისა და ხანგრძლივობის 40 ბილიკი. მას ეტაპობრივად შეემატება ყველა ის მარშრუტი, რომელიც უკვე მოინიშნა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ან უახლოეს მომავალში მოინიშნება. სამომავლოდ იგეგმება ამ მარშრუტებისთვის ბეჭდური გზამკვლევების გამოცემა”,- განაცხადეს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაში.