“მეწარმეებს შეეძლებათ პროდუქცია მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში გაყიდონ”
დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, ახალი პროდუქტი წარმოადგენს ელექტრონულ პლატფორმას, რომლის დახმარებითაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება, აწარმოოს ელექტრონული კომერცია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გაიტანოს საკუთარი პროდუქცია ექსპორტზე და მათ ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს „საქართველოს ფოსტა“.
,,ელექტრონული პლატფორმის ინტეგრირებით ონლაინ მაღაზიის გვერდზე გაიხსნება ტრანსპორტირების ღია მოდული, რომელიც მომხმარებელს მიაწვდის დეტალურ ინფორმაციას გზავნილის ტრანსპორტირების ღირებულების, მიღების ვადების და გზავნილის ადგილმდებარეობის შესახებ, ასევე შეძლებს მომხმარებელი, ისარგებლოს გზავნილის დაზღვევის სერვისით. ეს არის სერვისი, რომელიც შესაძლებლობას მისცემს მცირე მეწარმეებს, შექმნან ახალი სამუშაო ადგილები და შესაბამისად მიაწოდონ თავისი პროდუქცია მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში”, -განაცხადა ქუმსიშვილმა.
„საქართველოს ფოსტის“ ახალი მომსახურებით უკვე დაინტერესებულია რამდენიმე ქართული კომპანია.
„ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ საქართველოში ელექტრონული კომერციის განვითარებას. ჩვენი სერვისი ხელს შეუწყობს ქართული წარმოების განვითარებას და გაფართოებას, მნიშვნელოვნად გაზრდის ქვეყანაში ელექტრონული კომერციის პროდუქტიულ, სწრაფ და სწორ განვითარებას. ასევე დადებით გავლენას იქონიებს ტექნოლოგიური მიმართულებით საქართველოს რეგიონების განვითარებაზე”, – აღნიშნა პროდუქტის პრეზენტაციაზე „საქართველოს ფოსტის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ.