პრემიერმა თელავში განახლებული ბატონის ციხე გახსნა
ბატონის მუზეუმის რეაბილიტაცია რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში, მსოფლიო ბანკისა და მთავრობის დაფინანსებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მუზეუმში 65 000 ექსპონატია დაცული. სამუზეუმო ექსპონატები დღეს მთავრობის მეთაურმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ გიორგაძესთან, მსოფლიო ბანკის წარმომადგენელ სარა მაიკლთან, მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორ გაგი ბუაძესთან და კახეთის გუბერნატორ-რწმუნებულ ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად დაათვალიერა.
„თელავს, კონკრეტულად კახეთს, შეემატა ძალიან მნიშვნელოვანი ობიექტი, მუზეუმი, კულტურული სივრცე, ეს გახლავთ ბატონის ციხის მუზეუმი, რომელიც არის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის კომპლექსის შემადგენელი ნაწილი. მე მესმის რამდენად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით თელაველებისთვის, ერეკლე მეორის სახელი, მისდამი პატივის მიგება და პირველ რიგში თელაველებს გილოცავთ ამ ძალიან მნიშვნელოვან დღეს. თელავის ბატონის ციხე საშუალებას აძლევს მომავალ თაობას, მიეახლნენ ისტორიას, ხელით შეეხონ მას და მიაგონ სათანადო პატივი ჩვენს უდიდეს წინაპრებს. ამ მუზეუმის სივრცეში 65 000 ექსპონატია დაცული. მე დარწმუნებული ვარ, რომ მუზეუმს ასეულობით ათასი ტურისტი მოინახულებს გამომდინარე იმ სიმდიდრიდან, რაც არის დაცული ამ მუზეუმში და მეფეთა სასახლეში, იმ უმდიდრესი ძეგლებიდან და ახალი ინფრასტრუქტურიდან, რომელიც შეიქმნა ამ ძეგლების მიმდებარედ“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ბატონის სასახლის კომპლექსში მუზეუმის გახსნით, ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ მიაგო პატივი ერეკლე მეფის ხსოვნას, რომლის სახელსაც საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი უკავშირდება.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მუზეუმის ფარგლებში მოეწყო შიდა და გარე კაფე, ამფითეატრი, საოფისე ფართი თელავის ისტორიული მუზეუმის თანამშრომლებისთვის. მუზეუმს, ასევე, შეემატა მთავარი საგამოფენო დარბაზი, რომლის სივრცეში გამოიფინება საბრძოლო აღჭურვილობის ნიმუშები, ხელნაწერები, რარიტეტული გამოცემები, არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალები. პროექტის მიზანია თანამედროვე სტანდარტების სამუზეუმო და საგამოფენო სივრცის შექმნა და კახეთის რეგიონში ტურიზმის ხელშეწყობა. ერეკლე მეფის სასახლისა და ბატონის მუზეუმის პროექტის საერთო ღირებულება დაახლოებით 14 მილიონი ლარია.