სკოლებისა და ბაღების მიმდებარე საგზაო ინფრასტრუქტურის საკითხების შესწავლა იწყება
ასოციაციაში აცხადებენ, რომ ბევრი ავტოსაგზაო შემთხვევა ხდება უშუალოდ სკოლების მიმდებარედ, სადაც ყოფილა ბავშვთა მსხვერპლიც.
“გვაქვს მიზანი, რომ დაიწყოს “სასკოლო ზონის” პრინციპის დანერგვა, სადაც იმოქმედებს საგზაო უსაფრთხოების განსაკუთრებული და თანამედროვე სტანდარტები. ამისთვის პირველ რიგში საჭიროა აღრიცხვიანობა, რის შემდეგაც ვგეგმავთ მივმართოთ თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს. გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენს ხელთ არსებული ინფორმაცია “სახიფათო სკოლების” შესახებ. ასევე მოგმართავთ თხოვნით, გაავრცელოთ პოსტი, რაც საშუალებას მოგვცემს შევქმნათ სრულყოფილი საინფორმაციო ბაზა”, – აცხადებენ ასოციაციაში.
ორგანიზაციის ცნობით, ინიციატივა მნიშვნელოვანია ბავშვების უსაფრთხოებისათვის, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში გარდაცვლილია 100-მდე და დასახიჩრებულია 2 500-ზე მეტი ბავშვი, რაც საშუალო ევროპულ მაჩვენებელს 4-ჯერ, ხოლო საუკეთესოს 7-8-ჯერ აღემატება.