19 მაისის ღამეს კახეთის 9 მუზეუმი დამთვალიერებელს უფასოდ უმასპინძლებს
როგორც knews.ge-ს კულტურისა და სპორტის სამინისტროში განუცხადეს, ღონისძიების ფარგლებში, 21:00-დან 01:00 საათამდე, კახეთის რეგიონში 9 მუზეუმის დათვალიერება უფასო იქნება.
„19 მაისს, 21:00-დან პირველ საათამდე, გრემის მუზეუმი, თელავის ისტორიული მუზეუმი, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელი ქისტაურის რაფიელ ერისთავის სახლ-მუზეუმი, სიღნაღის მუზეუმი, ყვარლის ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმი, სიღნაღის სანდრო მირიანაშვილისა და ვანო სარაჯიშვილის მუზეუმი, ლაგოდეხის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი და გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელი კარდენახის იოსებ ნონეშვილის სახლ-მუზეუმი დამთვალიერებელს უფასოდ უმასპინძლებენ. მუზეუმების ტერიტორიაზე გაიმართება საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოფენა და ფილმის ჩვენება, ფოლკლორული ანსამბლების კონცერტები, პოეზიის საღამო, შემოქმედებითი ვიქტორინები და სხვა ღონისძიებები“, – განაცხადეს სამინისტროში.
აქციას „ღამე მუზეუმში“ საფუძველი 2005 წელს ევროსაბჭომ ჩაუყარა და მას შემდეგ რეგულარულად ტარდება ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში. მოგვიანებით, აქციამ ფართო მასშტაბი მიიღო და გავრცელდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.