ახალი ამბები

საგარეჯოში, გუდრონის მასაში ჩავარდნილი ირანის მოქალაქის მდგომარეობა მძიმეა

როგორც “ინტერპრესნიუსს“ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემ განუცხადა, დაშავებული მამაკაცი რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე რჩება. 
„უმძიმესი მდგომარეობა აქვს. სხეულის ფაქტობრივად 90% დამწვარი აქვს. პაციენტის მდგომარეობა სიცოცხლისთვის შეუთავსებლობის ზღვარზეა“, – განაცხად ქაშიბაძემ. 
შემთხვევა 11 მაისს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმში მოხდა. უცხო ქვეყნის მოქალაქე “გუდრონის” მასაში სამშენებლო სამუშაოების შესრულების დროს ჩავარდა. 
მამაკაცი თავდაპირველად საგარეჯოს საავადმყოფოში მოათავსეს, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ თბილისში გადმოიყვანეს. 
როგორც Knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით, რომელიც გულისხმობს გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას.