დედოფლისწყაროში ავარიისას დაშავებული 17 წლის გოგონა გარდაიცვალა
გოგონა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლაში სწავლობდა.
მეზობლების ინფორმაციით, გოგონა სამი დღის განმავლობაში თბილისის ინგოროყვას კლინიკაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. ოჯახმა პაციენტის გადაყვანა თურქეთშიც სცადა, თუმცა მდგომარეობის გაცნობის შემდეგ თურქმა მედიკოსებმა დაშავებულის მიღებაზე უარი თქვეს.
შეგახსენებთ, რომ დედოფლისწყაროში, ქალაქის ცენტრალურ მაგისტრალზე, 17 წლის გოგონას ავტომანქანა 10 მაისს დაეჯახა.
თვითმხილველების თქმით, სწრაფად მოძრავი აუდის მარკის ავტომობილი ჯერ ქვეითად მოსიარულე გოგონას, შემდეგ კი ჟიგულის მარკის გაჩერებულ ავტომანქანას დაეჯახა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს დედოფლისწყაროს რაიონულმა სამმართველომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.