სიღნაღში ბავშვთა თეატრალური ფესტივალი ჩატარდება
ფესტივალი “ქიზიყი-2018” 23-24-25 მაისს, ქალაქ სიღნაღის თეატრის შენობაში, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლის იუბილის კვირეულის ფარგლებში გაიმართება.
სიღნაღის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობას საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული საბავშვო თეატრალური დასები მიიღებენ. ფესტივალზე დასწრება უფასოა.
“23 მაისს,15:00 საათზე, ფოთის სახელოვნებო ცენტრთან არსებული საბავშვო თეატრი სტუდია “არგო” წარმოადგენს სპექტაკლს “პატარა უფლისწული”; 17:00 საათზე გაიმართება თბილისის საბავშვო მუსიკალური თეატრი „ჭინჭრაქას“ სპექტკლი „რწყილი და ჭიანჭველა“; 24 მაისს ათენის ქართულ-ბერძნული თეატრალური დასი გამართავს სპექტაკლს „ღამურა“; 14:00 საათზე თბილისის საბავშვო მუსიკალური თეატრი „ჭინჭრაქა“ სპექტაკლს „პატარა მაწანწალა“; 16:00 საათზე ბოლნისის ბავშვთა და მოზარდთა თეატრი „საზღაპრეთი-2“ გამართავს სპექტაკლს „ოცნება და სინამდვილე“; 18:00 საათზე დაგეგმილია თბილისის საბავშვო თეატრალური სტუდია „პეპი და პინოქიოს“ სპექტაკლი „მძინარე მზეთუნახავი“; ღონისძიებები გაგრძელდება 25 მაისსაც. 11:00 საათზე ბავშვთა თეატრალური სტუდია „ იასამანი“ წარმოადგენს სპექტაკლს „ვირუკას საოცარი თავგადასავალი“; 13:00 საათზე ბავშვთა ფოლკლორული სტუდია „მართვე“ გამართავს სპექტაკლს „ჰელადოსი“, 15:00 საათზე იქნება თეატრალური სტუდია „ნიუარტის“ სპექტაკლი „საშობაო ამბავი“. ფესტივალი დასრულდება 17:00 საათზე ბავშვთა და მოზარდთა თეატრალური სტუდია „ცისკარას“ სპექტაკლით „პაწია მეგობრები“,- განაცხადეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში.