პრეზიდენტი – თვითმმართველი ქალაქების გაუქმებით თვითმმართველობა დავასუსტეთ
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, 7 თვითმმართველი ქალაქის გაუქმებამ დაასუსტა ადგილობრივი თვითმმართველობა.
“რა მიზანი შეიძლება ჰქონდეს ინსტიტუტების შესუსტებას ქვეყნისთვის? ამ თვალსაზრისით თუ გადავხედავთ, რა გაკეთდა 2017 წელს კონსტიტუციის ცვლილებისას, ჩვენ დავინახავთ, რომ ძირითადი ინიციატივები, რაც იყო, ამ ინიციატივებმა სწორედ რომ შეასუსტა ქვეყნის დემოკრატია და ქვეყნის ინსტიტუტები. შევხედოთ თვითმმართველობის მიმართულებით, შევასუსტეთ თვითმმართველობა, ნაკლები თვითმმართველი ქალაქი გვაქვს; პრეზიდენტის ინსტიტუტთან მიმართებით გავაუქმეთ არჩევნები, რაც მოსახლეობის ნების საწინააღმდეგო იყო, და რაც მთავარია, ათწლეულობით დაპირებული რეფორმა საპარლამენტო არჩევნებისა, გადავდეთ 2024 წლისთვის”, – განაცხადა მარგველაშვილმა.
2017 წლის 15 მაისს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 14 მუნიციპალიტეტის საკრებულოს წერილი გაუგზავნა, რომლითაც წარმომადგენლობითმა ორგანოებს მოსთხოვა, ემსჯელათ ქალაქისა და თემის მუნიციპალიტეტების გაერთიანებაზე. თოთხმეტივე საკრებულომ რეგიონული განვითარების სამინისტროს ინიციატივას მხარი დაუჭირა.
2017 წლის ივნისში საქართველოს პარლამენტმა მიიღო „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ შესატანი ცვლილებები, რომელიც თვითმმართველი 7 თვითმმართველი ქალაქის გაუქმებას ითვალისწინებდა. პარლამენტის მიერ მიღებულ ცვლილებებს პრეზიდენტმა ვეტო დაადო. გიორგი მარგველაშვილი აცხადებდა, რომ 12-დან 5-მდე თვითმმართველი ქალაქების შემცირება ქვეყანაში თვითმმართველობის გაძლიერებას ხელს შეუშლიდა. პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და შედეგად 7 თვითმართველი ქალაქი – თელავი, გორი, მცხეთა, ახალციხე, ოზურგეთი, ზუგდიდი და ამბროლაური სათემო მუნიციპალიტეტებთან გაერთიანდა.