სოფელ კონდოლში სამი სახეობის ბიო ღვინოს აყენებენ
მეღვინე გამოარჩევს ჟღიას, რომელიც კახური ვაზის იშვიათი ჯიშია. ის ამბობს, რომ იგი სხვა ღვინოებთან შედარებით გემოვნური თვისებებით გამოირჩევა, როელიც განსაკუთრებით ტურისტებს მოსწონთ.
მეღვინე აცხადებს, რომ მსგავსი დასახელების ღვინოს საქართველოში მხოლოდ რამდენიმე მარანში აწარმოებენ.
,,ნამდვილი ქართული ღვინო ნატურალური, ქვევრში დაყენებული ღვინოა. ქვევრი ღვინოს უფრო აკეთილშობილებს. რაც უფრო დიდხანსაა ქვევრში ღვინო, მით უფრო ხარისხიანი და გემრიელი დგება. ამჟამად 6 მოქმედი ქვევრი მაქვს, სადაც ჩემს ღვინოებს ვაყენებ. თუმცა, ახლა მარანში შიდა სამუშაოები მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში ვგეგმავ ქვევრების რაოდენობის გაზრდას. ვაწარმოებ საფერავს „კონდოლურს“ (რქაწითელი 60%, მწვანე 40%), ჟღიას და საფერავი – ბუდეშურს’’, – განუცხადა Knews.ge-ს გიორგი ღვარძელაშვილმა.
მეღვინე აღნიშნავს, რომ ვენახის მოვლისას აგროქიმიკატებს არ იყენებს, რაც ღვინის მაღალ ხარისხს და განსხვავებულ გემოვნურ თვისებებს განაპირობებს. გიორგი მიუთითებს, რომ მისი მთავარი მიზანი მომხმარებლისთვის ხარისხიანი პროდუქციის შეთავაზებაა.
“პირველად 800 ბოთლი 2015 წელს ჩამოვასხი. ეს იყო 15 გრადუსიანი საფერავი. მარნის დაარსებაც 2015 წელს გადავწყვიტე. მიზეზი ვაზის და ღვინის სიყვარული, წინაპართა ადათ-წესების გაგრძელება და მათი განახლება იყო. გარდა ამისა, მაქვს 2 ჰექტარი ვენახი, აქედან 80% საფერავია, დანარჩენი კი – ჟღია, კაბერნე, მწვანე და რქაწითელია. ვაწარმოებ წითელ და თეთრ ნატურალურ გაუფილტრავ ქვევრის ღვინოებს ძველი კახური ტრადიციით, თეთრ ღვინოებს ქვევრში ვაჩერებ 6 თვეს, ხოლო წითელს – 2 კვირის განმავლობაში. ყველა პორცედურა კეთდება ხელით, გარდა ამისა, არ მოვიხმართ არანაირ დანამატებს და ნაკლებად ვერევი ვენახის მოვლაში, მხოლოდ 4-5 –ჯერ ბორდოს ხსნარით ვწამლი. ჩემი მიზანია არა რაოდენობა, არამედ ხარისხი. სოფელი კონდოლი, სადაც მარანი და ვენახი მაქვს, მდებარეობს ალაზნის ვაკეზე, მდინარე კისისხევის მარცხენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 460 მეტრი. კონდოლელების შემოსავლის წყარო ოდითგანვე მევენახეობა იყო. მიხარია, რომ მეც ამ გზას მივდევ’’,- განაცხადა გიორგი ღვარძელაშვილმა.
კონდოლში დამზადებული ღვინოები თბილისსა და კახეთში 25 ობიექტზე იყიდება. მეღვინის ინფორმაციით, მის პროდუქციაზე მოთხოვნა იზრდება. მისი თქმით, აუცილებელია სუფთა და ხარისხიანი ღვინის წარმოებას შეეწყოს ხელი, რომელიც მეღვინეობის დარგის განვითარებას განაპირობებს.
,,მე ვიცი, რომ ნატურალურ ღვინოებს უწოდებდნენ ისეთ ღვინოებს, რომელთა ალკოჰოლიც ყურძნის შაქრისაგან დადუღებით მიიღებოდა და არა სპირტის დამატებით, მაგალითად შემაგრებულ ღვინოებში. ნატურალური ღვინოების დამზადებისას არ გამოიყენება თითქმის არავითარი ტექნოლოგიური ოპერაცია. გოგირდოვან ანჰიდრიდს ძალიან მცირედ ან სულ არ იყენებენ, ისე, რომ საბოლოოდ ღვინოში მისი შემცველობა ფაქტობრივად ნულს უტოლდება. ღვინოს არ ამუშავებენ და არც ფილტრავენ. ამგვარი ღვინოები საკმაოდ განსხვავდება ჩვეულებრივი ღვინისაგან და მომხმარებელიც საკმაოდ განსხვავებული ჰყავს’’, – განაცხადა გიორგი ღვარძელაშვილმა.
გიორგი ღვარძელაშვილი სამომავლოდ წარმოების გაზრდას და ახალი სახეობის ღვინოების დაყენებას გეგმავს.