კახეთის მუნიციპალიტეტები ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმებს მოამზადებენ
პროექტის მთავარი მიზანია მერებისა და მუნიციპალიტეტების მხარდაჭერა ადგილობრივ დონეზე, რათა მათ აქტიურად შეუწყონ ხელი ეკონომიკურ განვითარებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.
„პროექტი გულისხმობს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დონეზე და არა გლობალურად შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები, უფრო გაძლიერდნენ ადამიანები მუნიციპალიტეტის კარგად მუშაობის ხარჯზე. თუ მუნიციპალიტეტს სურს, რომ ამ პროგრამაში მიიღოს მონაწილეობა და შემდეგში ეკონომიკურად განვითარდეს, უნდა შეავსოს აპლიკაცია, რათა ამ პროექტის წევრი გახდეს. ჩვენ მათ გავაცნობთ სამოქმედო გეგმას, რის შემდეგაც მუნიციპალიტეტებს ეცოდინებათ, რა მიმართულებით უნდა განვითარდნენ“, – აღნიშნავს knews.ge-სთან საუბრისას პროექტის ხელმძღვანელი, პიტერ კორსბი.
საქართველოში პროექტის კოორდინატორი ზვიად არჩვაძე აღნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტების მერები ვალდებულები არიან, 12 თვის განმავლობაში მოამზადონ ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების სამოქმედო გეგმა, რომელიც უნდა მოიცავდეს მინიმუმ სამ მიმართულებას.
„იმისთვის, რომ ამ პროექტიდან სარგებელი იყოს მაქსიმალური, მერებს აქვთ ვალდებულება, 12 თვის განმავლობაში ადგილობრივ ბიზენსთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად მოამზადონ ეკონომიკური განვითარების გეგმა, რომელიც არის ძალიან კონკრეტული და მიმართულია მხოლოდ ეკონომიკის განვითარებასა და ეკონომიკის ხელშეწყობაზე. სამოქმედო გეგმამ უნდა დაფაროს მინიმუმ სამი სფერო. ეს არის ადმინისტრაციული გარემო, რომელიც უნდა არსებობდეს მუნიციპალიტეტში ბიზნესის ხელშესაწყობად, ერთ ადგილას ბიზნესმენმა უნდა შეძლოს სხვადასხვა სერვისისა და ინფორმაციის მიღება. ბიზნესის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ფინანსებზე წვდომა, რომელშიც იგულისხმება ბიზნესმენების დახმარება, მათ შეძლონ ფინანსების მოძიება. სამოქმედო გეგმაშე შეიძლება მოიცავდეს სამუშაო ძალის განვითარებას, რომ ისინი იყვნენ ადეკვატურები იმ მოთხოვნებთან, რაც ბიზნესს გააჩნია. გეგმაში ასევე შესაძლოა ყურადღება იყოს გამახვილებული მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების გამოყენებასა და ბიზნესის ხელშემწყობი ინფრასტრუქტურის განვითარებაზე“, – ამბობს ზვიად არჩვაძე.
პროექტის ხელმძღვანელი პიტერ კორსბი მიუთითებს, რომ ევროკავშირი მუნიციპალიტეტებს აძლევს შესაძლებლობას, ეკონომიკური განვითარების ერთობლივი სამოქმედო გეგმები ერთობლივად შეიმუშაონ.
„თითოეულმა მუნიციპალიტეტმა საკუთარი ეკონომიკური განვითარების სამოქმედო გეგმა უნდა მოამზადოს. თუ არის გეოგრაფიული ან ტერიტორიული ფაქტორი, რომელიც განაპირობებს მუნიციპალიტეტების ერთად მუშაობას, მათ შესაძლებლობა აქვთ წარმოადგინონ, ერთობლივი სამუშაო გეგმა“, – აცხადებს პიტერ კორბსი.
აღნიშნულ პროექტში კახეთის რვავე მუნიციპალიტეტია ჩართული, თუმცა ამ ეტაპზე არც ერთ მათგან ეკონომიკური განვითარების სამოქმედო გეგმაზე მუშაობა არ დაუწყია. ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი აღნიშნავს, რომ სამოქმედო გეგმის შემუშავებას ახლო მომავალში დაიწყებენ. როსტომ სესიაშვილი ამბობს, რომ გეგმის ძირითადი მიმართულებები იქნება მცირე და საშუალო ბიზნესის, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა.
„ყვარელის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტია ეკონომიკური ძრდა. მუნიციპალიტეტში ძირითადი მიმართულებებია სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, მცირე და საშუალო მარნეობის განვითარება. ვფუიქრობთ, რომ მათი ხელშეწყობის მიმართულებით გვქნება ინიციატივები, რათა დავეხმაროთ ადგილობრივ მცირე და საშუალო ბიზნესმენებს, რათა უფრო სწრაფად განვითარდნენ“, – განუცხადა knews.ge-ს როსტომ სესიაშვილმა.
„მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ 2017 წლის 1 იანვარს დაიწყო და 2021 წელს დასრულდება. პროექტი, რომლის მოცულობა 5 მილიონი ევროა, საქართველოს გარდა, მოლდოვაში, ბელორუსიაში, უკრაინაში, სომხეთსა და აზერბაიჯანში საერთაშორისო კონსორციუმის „ECORYS Nederland B.V.“ მიერ ხორციელდება.
პიტერ კორბსი – პროექტის ხელმძღვანელი