კახეთში მარწყვის კრეფა დაიწყეს
ფერმერები ამბობენ, რომ მარწყვი სხვა კულტურებთან შედარებით მომგებიანია.
„მარწყვა შრომატევადია. მას მარგვლა, თოხვნა სჭირდება, მაგრამ ატამთან და ყურძენთან შედარებით გაცილებით მეტ მოგებას იძლევა. სხვებთან შედარებით მეტ შემოსავალს იძლევა. როდესაც მარწყვს ვკრეფთ, იმ დროს სეტყვა თითქმის არ მოდის. ხილის მოთხოვნა მაღალია ადგილობრივ ბაზარზე. ამ ეტაპზე, ადრეული ჯიშის მარწყვის ფასი უფრო დაბალია, ვიდრე სათბურში მოყვანილის ფასი“, – აღნიშნავს Knews.ge-სთან საუბრისას გურჯაანში მცხოვრები ნოდარ გამყრელიძე.
სანანდრეასის ჯიშის მარწყვის კრეფას ხვალ გურჯაანში მცხოვრები ფერმერი იზოლდა ქიტესაშვილი დაწიყებს. ფერმერი 20 ტონამდე მოსავალს ელოდება. ქიტესაშვილი ამბობს, რომ ამ ეტაპზე უცნობია რა ეღირება ესპანური ჯიშის 1 კილოგრამი მარწყვი.
„ხვალიდან დავიწყებთ მარწყვის კრეფას. სანანდრეასის ჯიშის მარწყვი 4000 ჰექტარზე გვაქვს გაშენებული. ვვარაუდობთ, რომ 20 ტონა მარწყვს დავკრეფთ. რაც შეეხება მარწყვის ღირებულებას, ფასს ბაზარი დაარეგულირებს. შარშან 1 კილოგრამი სანანდრეასის ჯიშის მარწყვის საბითუმო ფასი 4 ლარი იყო. აგვისტოში, სექტემბერსა და ოქტომბერში მისმა ღირებულებამ მოიმატა. ვნახოთ, წელს რა იქნება“, – ამბობს იზოლდა ქიტესაშვილი.
ფერმერები ნაწილი კი პრობლემებზე საუბრობს. ისინი ამბობენ, რომ მას შემდეგ რაც საქართველოში თურქეთიდან მარწყვი შემოდის, ადგილობრივ პროდუქციაზე ფასმა დაიკლო და მათ რეალიზაციის პრობლემაც შეექმნათ.
„თურქეთიდან საქართველოში მარწყვი შემოდის. თურქული მარწყვი გაცილებით ძვირად იყიდება, ვიდრე ჩვენი. რეალიზაციაც გაჭირდა. 1 კილოგრამი თურქული მარწყვი 15 ლარი ღირს, ჩვენ 6 ლარად ვყიდით. ხალხი თურქულს უფრო ყიდულობს. ხალხს არ სჯერა, რომ ჩვენ მიერ მოყვანილ მარწყვს ვყიდით და არა თურქულს“, – ამბობენ ფერმერები.
სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამბობენ, რომ ადგილობრივ ბაზარზე კენკროვან კულტურებზე დიდი მოთხოვნაა და, შესაბამისად, პროდუქტის რეალიზაცია პრობლემა არ იქნება.
,,მაგალითად, გურჯაანში ძირითადი წამყვანი კულტურებია მევენახეობა, მეღვინეობა, მეხილეობა. ბოლო წლებში მუნიციპალიტეტში ვითარდება კენკროვანი კულტურების მოყვანა. გურჯაანის მუნიციპალიტეტში მარწყვი დაახლოებით 350 ჰექტარზეა გაშენებული. მნიშვნელოვანია მოთხოვნადი პროდუქციის მოყვანა და გაშენება, რადგან ფერმერებს რეალიზაციის პრობლემა არ ექნებათ”, – აღნიშნავს knews.ge-სთან საუბრისას სოფლის გურჯაანის მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელი, ივანე ბასილაშვილი.
აგრონომები კი ფერმერებს რჩევებს აძლევენ, როგორ უნდა დაიცვან გაზაფხულზე მცენარეები, თუ ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა.
,,დროის შერჩევა – დასაბოლებელი ცეცხლი დაანთეთ გამთენიისას, როდესაც ჰაერში ყველაზე დაბალი ტემპერატურის დაფიქსირდება. მასალის შერჩევა – დასაწვავად შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩალა და ნამჯის ანარჩენი. აუცილებელია, მასალა დიდი რაოდენობით კვამლს გამოყოფდეს. მასალის განთავსება – დასაწვავი მასალა განათავსეთ ნაკვეთის თავში, შუაში და ბოლოში. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ცეცხლი არ უნდა მოეკიდოს მცენარეს. ცეცხლის დანთება – აკონტროლეთ, რომ კვამლი ყველა ხესთან იყოს, რათა რომელიმე არ წაიყინოს. მცენარის დაბოლება განაგრძეთ მანამ, სანამ ტემპერატურა არ აიწევს 00-ზე ზემოთ”, – წერს traktor.ge.