ახალი ამბები

ბოლო 2 წელში საგარეჯოში ნუშის ბაღი 68 ჰექტარზე გაშენდა

სოფლის მეურნეობის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის ხელმძღვანელის, ნიკო ჯავახიშვილის თქმით, ქართულ და ევროპულ ბაზარზე მოთხოვნადი პროდუქტის წარმოება აგრარული სექტორის გაძლიერებას უწყობს ხელს.
„საგარეჯოში ხუთმა ფერმერმა საერთო ჯამში 68 ჰექტარზე შარშან და წელს გააშენა ნუშის კულტურა; სახელმწიფო პროგრამით მათ დაუფინანსდათ ნერგების ღირებულების 70% და წვეთოვანი სარწყავი სისტემის ღირებულების 50%,“- განაცხადა ნიკო ჯავახიშვილმა.
პროექტში ჩართული ფერმერების განცხადებით, თანადაფინანსება მათ აძლევს მოტივაციას, აგრარულ სფეროში აქტიურად იმუშაონ.
„თავიდან ხუთივე ფერმერი ვეძებდით ოპტიმალურ ნიადაგს და ადგილს ნუშის დასარგავად. სპეციალისტებმა აქ, პატარძეულის მეფრინველეობის ფაბრიკის მიმდებარე ტერიტორია გვირჩიეს. გაშენებული გვაქვს ნუშის გვიან მოყვავილე, უცხოური ჯიშები: იტალიური „სუპერ-ნოვა“, ესპანური „გუარა“ და ესპანური „სოლეტა“. მათი მსხმოიარობა იწყება მე-4 წელს, ხოლო სრულ მსხმოიარობას მე-6 წელს აღწევს. სახელმწიფო პროგრამამ განაპირობა ის, რომ, რაც დრო გადის, მით მეტი ადამიანი ინტერესდება აგრარულ სექტორში პროექტების განხორციელებით,“– აცხადებენ ფერმერები.