სტატიები

თელავის ბაგა-ბაღების აღმზრდელები ინკლუზიური განათლების მიმართულებით გადამზადდნენ

ტრენინგ-კურსი, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა პორტიჟის ასოციაციის ფინანსური მხარდაჭერით შეიმუშავა, ხელს უწყობს ბაგა-ბაღებში ინკლუზიური განათლების დანერგვას და სპეციალური საჭიროებების მქონე აღსაზრდელებთან გამართულ მუშაობას. 
თელავის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ აღნიშნული ტრენინგ-კურსი 6 თვის განმავლობაში გარკვეული პერიოდულობით ტარდებოდა, რომლის ფარგლებშიც ყველა სკოლამდელი დაწესებულების აღმზრდელმა მიიღო შესაბამისი განათლება. თინიკო ხანჯალიაშვილის თქმით, ტრენინგების დასრულების შემდეგ, საპილოტედ შეარჩიეს თელავის #1 ბაგა-ბაღი, სადაც თეორიულ სწავლებასა და პრაქტიკული მუშაობას შეაფასებენ.
,,ტრენინგი ყველა აღმზრდელისთვის ჩატარდა, მაგრამ როგორ გამოიყენებენ ისინი თეორიულად ნასწავლ მასალას პრაქტიკაში, ამ პროცესს თელავის 1-ელ ბაღში დააკვირდებიან და მუშაობას შეაფასებენ. აღმზრდელებს მიეწოდათ ინფორმაცია, ამ კუთხით მუშაობა როგორ უნდა გააუმჯობესონ და რა გზითაა შესაძკებელი სამუშაო და სასწავლო პროცესების სწორი ორიენტირება ბავშვის საუკეთესო ინტერესების მისაღწევად. გადამზადების შემდეგ აღმზრდელების ცნობიერება ინკლუზიურ განათლებაზე და მასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე არის მნიშვნელოვნად გაზრდილი. ძალიან დიდ პრაქტიკულ გამოცდილებას იღებენ #1 ბაღის აღმზრდელები, სადაც გაგრძელდება აღნიშნული მიმართულებით მუშაობა. ეს ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ბაღებში უფრო ჩართული, უკეთესი და პოზიტიურად მართული ჯგუფები მივიღოთ’’,- განუცხადა Knews.ge-ს თინიკო ხანჯალიაშვილმა. 
ტრენერი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ხათუნა დოლიძე ბაღის თანამშრომლების გადამზადების მნიშვნელობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ინკლუზიური განათლების დანერგვა და ხელშეწყობა სააღმზრდელო დაწესებულებებიდან უნდა დაიწყოს. 
,,დავამთავრეთ ტრენინგები, მაგრამ პროექტი ამით არ დასრულებულა, საპილოტედ შევარჩიეთ თელავის #1 ბაღი, სადაც გავაგრძელებთ მუშაობას. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ თელავის ბაგა-ბაღების გაერთიანებასთან და თელავის უნივერსიტეტთან. ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია ინკლუზიური განათლების დანერგვა და ხელშეწყობა ადრეული ასაკიდან ბაღებში. ეს არის არა მხოლოდ სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების ჩართულობა საგანმანათლებლო პროცესში, არამედ თითოეული ბავშვის ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული გარემო და განათლების სისტემა. ძალიან მნიშვნელოვანია ის თანამშრომლობა, რომელიც არსებობს, ბაღების, ბაღების გაერთიანებასა და უნივერსიტეტს შორის’’,– განუცხადა knews.ge-ს ხათუნა დოლიძემ.
ტრენინგების მნიშვნელობაზე ყურადღებას ამახვილებენ სკოლამდელი დაწესებულებების თანამშრომლებიც. თელავის 1-ლი ბაგა-ბაღის აღმზრდელი მაკა სიხარულიძე აცხადებს, რომ ინკლუზიური განათლების მიმართულებით გადამზადების პროგრამა ხელს შეუწყობს აღმზრდელებს სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებთან მუშაობას და მათი ქცევის მართვას.
,,მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის ამ მიმართულებით ტრენინგის მოსმენა. ეს, სამომავლოდ, დამეხმარება, უკეთ ვიმუშავო ინკლუზიური განათლების კუთხით და სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებთან. მოხარულები ვართ, რომ შესაძლებლობა გვეძლევა ტრენინგის დამთავრების შემდეგ ვიმუშავოთ ბაღში უფრო აქტიურად და ნაყოფიერად’’,- აღნიშნავს knews.ge-სთან საუბრისას მაკა სიხარულიძე.
ინკლუზიური განათლების კუთხით ტრენინეგ-კურსი ჩატარდა „ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს პორტიჟის ასოციაცია და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.