სტატიები

კახეთში მოსავლისათვის მავნე მწერი, კალიფორნიული ფარიანაა გავრცელებული

მავნებელი განსაკუთრებით, საფრთხეს უქმნის ატმის, ვაშლატამისა და გარგარის ნაყოფს და ზოგჯერ ხეხილისაც კი ახმობს. 
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მცხოვრები გიული მანიაშვილი ამბობს, რომ კალიფორნიული ფარიანა განსაკუთრებით ატმისა და ვაშლატამის ბაღებშია გავრცელებული, რომელიც აზიანებს ხეხილს და უხარისხო პროდუქციის გაყიდვა კი მიზერულ ფასშიც კი უჭირს. 
„ეს მწერი ძალიან მავნებელია. ის წოვს წვენს და შემდეგ აზიანებს და ზოგ შემთხვევაში ალპობს ნაყოფს. დაზიანებული ხილის გაყიდვა კი ძალიან ძნელია. მიზერულ ფასადაც კი აღარ ყიდულობენ უხარისხო ატამს და ვაშლატამას. წლების წინ კალიფორიულმა ფარიანამ ხეებიც კი გაახმო“, – აღნიშნავს knews.ge-სთან საუბრისას გიული მანიაშვილი. 
მწერის მავნებლობაზე საუბრობს ფერმერი შოთა მეკოკიშვილიც. ის ამბობს, რომ კალიფორნიული ფარიანას ვერ ებრძვიან, რადგან მისი საწინააღმდეგო პრეპარატების შეძენა საკმაოდ ძვირია. 
„ძალიან საშიში მწერია კალიფორნიული ფარიანა. ჩემთან ბაღში თითქმის ყოველ წელსაა. მართალია ვწამლი ბაღს, მაგრამ ბევრ წამალს ვერ ვყიდულობ, რადგან ძალიან ძვირია. ატამსა და ვაშლატამას მაინც აზიანებს. კარგი იქნება, რომ ამ მწერის საწინააღმდეგო წამლები დაიაფდეს. ჩემს მეზობელს შარშან ატმის თითქმის მთელი ბაღი გაუხმა“, – ამბობს შოთა მეკოკიშვილი. 
სურსათის ეროვნულ სააგენტოში კახეთში კალიფორნიული ფარიანას გავრცელებას ადასტურებენ. უწყებაში ამბობენ, რომ მოსავლისათვის მავნე მწერი რეგიონში რამდენიმე წლის წინ გავრცელდა. სააგენტო ფერმერებს ზარალის თავიდან ასაცილებლად ხეხილის ბაღების სპეციალური ინსექტიციდებით შეწამვლას ურჩევს. 
„კალიფორნიული ფარიანა კახეთში წლების წინ გავრცელდა. მწერის წინააღმდეგ ბრძოლა უნდა დაიწყოს ადრე გაზაფხულიდან. აუცილებელია, ფერმერებმა ხეხილი გასხლან. სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ პრეპარატების გამოყენებასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია ფერმერემა გამოიყენონ ინსექტიციდები“, – აღნიშნავს სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორი მაია არსენაშვილი. 
კალიფორნილი ფარიანა ბაღლინჯოსმაგვარი მავნებელი მწერია, რომელიც ადრე გაზაფხულზე იღვიძებს და განვითარებას იწყებს. წელიწადში კალიფორნიული ფარიანას ოთხი თაობა ერთმანეთს ენაცვლება. მწერი დაფარული ყავისფერი ფარით.