სტატიები

შოთა ნარეკლიშვილი – თელავში თემატური საზოგადოებრივი საბჭოები შეიქმნება

თელავის მერის ინფორმაციით, აღნიშნული საბჭოების მუშაობის ძირითადი მიმართულება არსებული პრობლემების გამოვლენა და მათი მოგავრების გზებზე მსჯელობა, მიმდინარე საკითხებსა და პროექტებზე მოქალაქეების აზრის მოსმენა იქნება. 
შოთა ნარეკლიშვილი აცხადებს, რომ საზოგადოებრივი საბჭოების შექმნა ხელს შეუწყობს ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში მესამე სექტორისა და ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის გაზრდას. 
,,ჩვენ მზად ვართ ღიაობისთვის. არასამთავრობო ორგანიზაციების და საზოგადოების ინფორმირებულობისა და გაძლერებისთვის ვგეგმავთ შეიქმნას საზოგადოებრივი საბჭოები, რომლის წევრიც ყველას შეუძლია გახდეს და მიიღოს აქტიური მონაწილეობა. საბჭოების მუშაობის ძირითადი მიმართულება იქნება სხვადასხვა პრობლემური საკითხების გამოვლენა და მის მოგვარებაზე მსჯელობა, რომელიც შემდეგ ბიუჯეტში აისახება‘’,- განუცხადა knews.ge-ს შოთა ნარეკლიშვილმა, რომელმაც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დღეს გამართა. 
მესამე სექტორში ამბობენ, რომ ადგილობრივი თვითმმართელობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ერთად მუშაობა ხელს შეუწყობს სამოქალაქო საზოგადოების გააქტიურებას. არასამთავრობო ორგანიზაციის ,,თელავი ჩემი ქალაქია“ გამგეობის წევრი თამარ ბოტკოველი განმარტავს, რომ ერთობლივი პროექტების განხორციელება თელავში არსებული პრობლემების მოგვარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს. 
,,შევხვდით მერს, მივიღეთ ინფორმაცია, რას გეგმავს უწყება სამომავლოდ ჩვენთვის სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე, ვისაუბრეთ, როგორ და რა ფორმით აპირებს თანამშრომლობას არასამთავრობო სექტორთან. მოხარულები ვართ, რომ მერი მოწადინებულია და მზად არის, განახორციელოს ერთობლივი პროექტები ჩვენთან ერთად. ჩვენც გვაქვს სურვილი ჩავერთოთ საზოგადოებრივი საბჭოების მუშაობაში და ვითანამშრომოთ მერიასთან’’,- აღნიშნავს Knews.ge-სთან საუბრისას თამარ ბოტკოველი. 
თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ხელმძღვანელის, ლიკა იმერლიშვილის განცხადებით, ადგილობრივი ხელისუფლებისა და არასამთავრობო სექტორის თანამშრომლობა ხელს შეუწყობს დემოკრატიულ, ღია და გამჭვირვალე მმართველობის დანერგვას, რომელიც პოზიტიურ ზეგავლენას მოახდენს როგორც თვითმმართველობაზე, ისე მუნიციპალიტეტში მცხოვრებ თითოეულ მოქალაქეზე. 
,,შეხვედრა მერსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის ჩვენი ინიციატივით გაიმართა, რომლის ფარგლებშიც როგორც თვითმმართველობის, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ერთმანეთს გააცნეს მიმდინარე და განხორციელებული საქმიანობები. მათ, ასევე, იმსჯელეს სამომავლო თანამშრომლობის ფორმებზე, ისაუბრეს რა გამოწვევები და პრობლემებია თვითმმარველობაში და როგორ შეიძლება არასამთავრობო სექტორმა შეიტანოს წვლილი მის გაძლიერებაში. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ მერი მზად არის, შეხვდეს და მოუსმინოს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს. ამ ორი სექტორის მჭიდრო თანამშრომლობა ხელს შეუწყობს დემოკრატიული პროცესების უკეთ წარმართვას და ჩართულობის გაზრდას’’,- აცხადებს Knews.ge-სთან საუბრისას ლიკა იმერლიშვილი.