სოფელ გულგულაში დაყენებული ღვინო მსოფლიოს ხუთ ქვეყანაში გაიყიდება
მარნის ხელმძღვანელი ნიკოლოზ ბურჯანაძე ამბობს, რომ ღვინის ექსპორტს საფრანგეთში, აშშ-ში, პორტუგალიაში, ყაზახეთსა და რუსეთში გეგმავენ.
„მეღვინეობის მიმართულებით ბიზნესსაქმიანობა სულ ცოტა ხნის წინ დავიწყეთ. პროდუქციის სიმცირის გამო ნაკლებად ვიყავით ორიენტირებულები ექსპორტზე, თუმცა ნიმუშები გავაგზავნეთ საფრანგეთში, აშშ-ში, პორტუგალიაში, ყაზახეთსა და რუსეთში. ნიმუშებმა მოწონება დაიმსახურა და უკვე ვარკვევთ დეტალებს საექსპორტოდ“, – აღნიშნავს knews.ge-სთან საუბრისას ნიკოლოზ ბურჯანაძე.
მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე ღვინო ადგილობრივ ბაზარზე იყიდება.
„ჩვენი ღვინო პირველად 2017 წლის ახალი ღვინის ფესტივალზე გამოვიტანეთ. სწორედ აქ გამოჩდნენ პირველი მყიდველებიც და დაინტერესებული ადამიანებიც. იყო რამდენიმე შეთავაზებაც. ჩვენი პირველი კლიენტი იყო ბარ-რესტორანი „Chacha Time“, რომელთანაც დღემდე გრძელდება ჩვენი ურთიერთობა“, – ამბობს ნიკოლოზ ბურჯანაძე.
ბურჯანაძე აღნიშნავს, რომ მარნი ხუთი წლის წინ დააარსეს. ყურძენს ქვევრში წურავენ და 6 თვის განმავლობაში ინახავენ ჭაჭაზე, რაც მის პროდუქციას განსხვავებულ გემოვნურ თვისებებს ანიჭებს. მეწარმე ირწმუნება, რომ ღვინოს ქიმიურად არ ამუშავებს და ამავე დროს ვენახს აგროქიმიკატებით არ წამლავს.
„თავიდან ღვინის დაყენება დავიწყეთ მხოლოდ საკუთარი მოხმარებისთვის. შემდეგ ვენახის გაშენებასა და მოვლას ძირითადი დრო დავუთმეთ და ოდნავ გაზრდილი მასშტაბების გამო გადავწყვიტეთ ბიზნესი დაგევწყო. ჩვენ მიერ დაკრეფილი ყურძენი ძირითადად იწურება და ინახება ქვევრში. ყურძენს ვწამლავ მხოლოდ კონტაქტური წამლით. ბალახის ვენახში ქიმიური პრეპარატებით არ ვაცილებ. ღვინოს ქიმიურად არ ვამუშავებ და არ ვფილტრავ. შესაბამისად ჩვენი ღვინო ნატურალურია. ქარვისფერი ღვინო რქაწითელი მზადდება კახური ტრადიციული მეთოდით. ქვევრში ღვინო იწურება და მინიმუმ 6 თვის განმავლობაში ინახება ჭაჭაზე, რაც ღვინოს განსაკუთრებულად სასიამოვნო გემოს აძლევს. ბუნებრივად გაფილტრული ღვინო ნაკლებად მძიმე და სასიამოვნო დასალევია, ზომიერი ტანინით“, – აცხადებს მეღვინე.
ნიკოლოზ ბურჯანაძე ქართული ღვინის კულტურის განვითარების ფაქტორებზეც საუბრობს და მიუთითებს, რომ აუცილებელია პროდუქციის ხარისხზე გამახვილდეს ყურადღება.
„აუცილებელია ყურადღება მიექცეს ღვინის ხარისხს და არა რაოდენობას. აუცილებელია უფრო მეტი იშვიათი ქართული დაკარგული ვაზის ჯიშების გაშენება და საუცხოო და განსხვავებული გემოსა და არომატის ღვინის დაყენება. ძნელია ხარისხიანი ღვინის რეალიზაცია ქართულ ბაზარზე მისი ფასის გამო, რაც ვერ უწევს კონკურენციას უხარისხო დაბალფასიან ღვინოს. საჭიროა კიდევ უფრო მეტი ხელშეწყობა ხარისხიანი ღვინის გასატანად საზღვარგარეთ გამართულ გამოფენებსა და ფესტივალებზე. ასევე აუცილებელია მაქსიმალური ყურადღება მიექცეს ვენახის მოვლას. ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანია, მევენახეებმა მოიძიონ ინფორმაცია ღვინის დაყენებისა და შენახვის შესახებ მაქსიმალური ხარისხის მისაღწევად და მის შესანარჩუნებლად“, – ამბობს knews.ge-სთან საუბრისას ნიკოლოზ ბურჯანაძე.