სტატიები

სოფელ კურდღელაურში საკვებ ზეთს აწარმოებენ

მეწარმემ, რომელიც პროდუქტს ძველი ტექნიკით ამზადებდა, საქმიანობაში ახალი სტანდარტების დასანერგად და წარმოების გასაფართოვებლად ევროკავშირის პროექტში მიიღო მონაწილეობა. მექვევრიშვილის ინფორმაციით, ზეთის წარმოების გასაუმჯობესებლად, პროექტის ფარგლებში, ახალი პრესი შეიძინა, რომლის მეშვეობითაც პროდუქციის ხარისხი გააუმჯობესა და დიდი რაოდენობით დამზადებაც დაიწყო. 
„როდესაც ბიზნესს დამოუკიდებლად იწყებთ, როგორც წესი, მხოლოდ თქვენს ხელთ არსებულ საშუალებებს იყენებთ და კრედიტს რისკად მიიჩნევთ. ჩემი აზრით, დასაწყისისთვის ეს ჯანსაღი მიდგომაა. მაგრამ დგება დრო, როცა სესხი შესაძლებლობად იქცევა. მე ჩემი ბიზნესისთვის „ბანკი რესპუბლიკიდან“ სესხი ავიღე, ევროპული ფონდის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის (EFSE) და EU4Business-ის ხელშეწყობით, შევიძინე ახალი საწურ და ახლა უკეთესი ხარისხის ზეთს ვაწარმოებ. მას შემდეგ რაც ზეთის წარმოება გავზარდე, პირველი თანამშრომელი დავიქირავე“, – განუცხადა knews.ge-ს თეიმურაზ მექვევრიშვილმა.
თეიმურაზ მექვევრიშვილს ზეთის წარმოების სურვილი ჯერ კიდევ 2000 წელს ჰქონდა. იგი ამბობს, რომ სახლის ფარდულში წლების წინ ზეთის ძველ საწური აღმოაჩინა, რომელმაც ამ მიმართულებით საქმიანობის დაწყების მოტივაცია გაუჩინა.
„2000 წელს უმუშევარი ვიყავი და საქართველოში არსებული პერსპექტივები არც თუ ისე სახარბიელო იყო. ჩვენი სახლის ფარდულში ძველი ზეთის საწური ინახებოდა, ერთხელ ვნახე და მას შემდეგ გამიჩნდა სურვილი, ზეთი მეწარმოებინა. თხუთმეტი წლის შემდეგ ჩემ მიერ დამზადებული მზესუმზირის ზეთი ჩემი ოჯახის სიამაყე გახდა და მთელი რეგიონის მასშტაბით ამ პროდუქტმა მოწონება დაიმსახურა’’,- აცხადებს მექვევრიშვილი.
მექვევრიშვილი აღნიშნავს, რომ საქმიანობის დაწყებიდან მის პროდუქციაზე მოთხოვნა დიდი იყო, თუმცა საკვები ზეთის დიდი რაოდენობით წარმოებას ძველი დანადგარებით ვერ ახერხებდა. მან ახალი ტექნიკა 2014 წელს შეიძინა და წარმოებაც გაზარდა. 
„ჩემი მიზანი ყოველთვის იყო ხარჯების შემცირება, ამიტომაც ამ ძველებურ საწურს ვამუშავებდი და მისგან სულ უფრო მეტს მოვითხოვდი. მის შეკეთებაზე სულ უფრო მეტს ვხარჯავდი, რაც საკმაოდ ძვირი ჯდებოდა და თანაც ზეთის წარმოების საშუალებას არ იძლეოდა. სწორედ მაშინ დავიწყე ფიქრი იმაზე, რომ საწურთან დაკავშირებით რაიმე მომეფიქრებინა. როდესაც სესხის ასაღებად მივედი, ბანკის წარმომადგენლებს გაუკვირდათ, რომ ამ ხნის განმავლობაში არ მიფიქრია წარმოების გაზრდაზე. 2014 წელს ავიღე პირველი სესხი და მხოლოდ მაშინ შევძელი ახალი საწურის დამონტაჟება. EU4Business-ის ინიციატივის ფარგლებში, ევროპული ფონდი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის მიზნად ისახავს, სტიმული მისცეს ეკონომიკურ წინსვლასა და განვითარებას, მუდმივი დამატებითი დაფინანსების უზრუნველყოფით, მიკრო და მცირე ბიზნესისთვის (MSE) და კერძო საოჯახო მეურნეობებისთვის, ადგილობრივი ფინანსური დაწესებულებების მეშვეობით, როგორიცაა „ბანკი რესპუბლიკა“ საქართველოში’’,– განაცხადა თეიმურაზ მექვევრიშვილმა.
მეწარმე მომავალში წარმოების კიდევ უფრო გაზრდას და ახალი დანადგარების შესაძენად სხვადასხვა პროგრამაში მონაწილეობას გეგმავს.