პოლიეთილენის პარკების გამოყენების შემცირება 2018 წლის ბოლომდე იგეგმება
როგორც knews.ge-ს სამინისტროში განუცხადეს, პროექტის მიხედვით, გარემოსთვის ზიანის მიყენების შემცირების მიზნით, 15 მიკროზე ნაკლები სისქის პლასტიკის პარკები აიკრძალება. გარემოს დაცვის სამინისტრო პარკების გამოყენების შემცირებას 2017 წლის სექტემბრიდან აანონსებდა, თუმცა პროექტი მთავრობას ამ დრომდე არ ჩაბარებია.
„კანონმდებლობა ამ ეტაპზე ითვალისწინებს განსაკუთრებით მსუბუქი, 10-15 მიკრონზე ნაკლები სისქის პოლიეთილენის პარკების გამოყენების შეზღუდვას. პირველი ეტაპისთვის, საკანონმდებლო პროექტში ჩადებულია, რომ 2017 წლის 1-ელი სექტემბრიდან აიკრძალოს 10 მიკრონზე ნაკლები სისქის პოლიეთილენის პარკების იმპორტი და წარმოება ქვეყნის ტერიტორიაზე, ხოლო 2018 წლის 1-ელი იანვრიდან უკვე 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პარკების. ასევე ახლა მიმდინარეობს სერიოზული დისკუსიები, რომ დაწესდეს მსხვილი ანუ 15 მიკრონზე მეტი სისქის პოლიეთილენის პარკების გამოყენებაზე ფასი, რაც შესაბამისად მის გამოყენებას ამცირებს, რადგან მსუბუქი პარკები, რომლებსაც ფასი არ აქვთ, ძალიან დიდი ოდენობით გამოიყენება. როდესაც იქნება ფასი დაწესებული, ასეთ შემთხვევაში ხდება მისი გამოყენების შეზღუდვა“, – აცხადებდნენ Knews.ge-სთან საუბრისას გარემოს დაცვის სამინისტროში.
გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის დეპარტამენტის უფროსის განმარტებით, პროცესის გაჭიანურების რამდენიმე მიზეზი არსებობს, მათ შორის, უპირველესია ის, რომ ჯერ ბიოდეგრადირებული პარკების სტანდარტი უნდა დაინერგოს და პროექტი მხოლოდ ამის შემდეგ დამტკიცდება. ალვერდ ჩანქსელიანის, მთავრობისთვის პროექტის წარდგენის გაჭიანურება სამინისტროების ოპტიმიზაციასა და სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროების გაერთიანებასაც უკავშირდება.