ახალი ამბები

ტელეკომპანია ,,გურჯაანი” 25 წლის გახდა

მედია ორგანიზაცია 1993 წლიდან ქალაქ გურჯაანში მე-11 არხის მეტრულ დიაპაზონზე მაუწყებლობს და მისი აუდიტორია 175 000 ადამიანს შეადგენს. 
ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის, ნინო სამნიაშვილის თქმით, ,,გურჯაანი’’ დამოუკიდებელ მედია ორგანიზაციაა, რომელიც მიუკერძოებლად აშუქებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. 
,,1993 წელს ტელეკომპანია ,,გურჯაანმა,, ერთი მიკროფონით და ვიდეოკამერით დაიწყო მუშაობა. ამ 25 წლის მანძილზე წარმატების მოსაპოვებლად ტელეკომპანიამ განვითარების არაერთი ეტაპი განვლო, მათ შორის, ბევრი განსაცდელი გაიარა. დღეს კი ერთ-ერთი წარმატებული რეგიონული ტელევიზიაა დიდი აუდიტორიით და მთელი საქართველოს მასშტაბით მაუწყებლობს სილქნეტზე, მაგთისატსა და აიპი ტელევიზიაზე. ეს კი, თანამშრომლებთან ერთად, პირველი რიგში, ტელეკომპანიის მფლობელის და ხელმძღვანელის, ქალბატონ თამარ აბელაშვილის დამსახურებაა. მე მოვისმინე ტელევიზიის პირველი თანამშრომლების კომენტარები, რამდენად სასიამოვნო და კომფორტული იყო ქალბატონ თამართან მუშაობა, რამხელა გამოცდილება მიიღეს და მიხარია, რომ უმეტესობა დღეს თავის საქმეში პროფესიონალი და წარმატებულია”, – განუცხადა knews.ge-ს ნინო სამნიაშვილმა.
სამნიაშვილის განცხადებით, ტელეკომპანიაში თანამშრომლები ყოველდღიურად დიდ გამოცდილებას იღებენ, რაც მათი პროფესიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. 
“პირადად მე ყოველ დღე ახალს ვსწავლობ და დიდ გამოცდილებას ვიღებ და ეს გვეხმარება ყველა თანამშრომელს განვვითარდეთ და ერთად ვაკეთოთ საქმე ტელევიზიის წინსვლისა და წარმატებისთვის. დაახლოებით, 5 წლის წინ მოვედი ტელეკომპანია ,,გურჯაანში“ და ვეღარ წარმომიდგენია ამ ტელევიზიის გარეშე. პროექტებსა და კონკურსებში გამარჯვება, გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მიღება, თითოეული ახალი ტექნიკის შეძენა და წარმატება არის სტიმული, რომ ჩვენ კიდევ უფრო განვვითარდებით და ვიქნებით საიმედო მედია მოსახლეობისთვის”,– აღნიშნა სამნიაშვილმა.