ახალი ამბები

პანკისის ხეობაში მცხოვრები მოსახლეობა პრემიერთან შეხვედრას ითხოვს

როგორც knews.ge-ს თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა განუცხადა, მათი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა თემირლანის უდანაშაულოდ ცნობა და იმ პირების დასჯა, რომლებმაც პანკისის ხეობაში, 2017 წლის 26 დეკემბერს, სპეცოპერაცია დაგეგმა და განახორციელა. 
,,მთელი ხეობის მოთხოვნა იყო, რომ ეს აქციები ჩაგვეტარებინა თბილისში, მაგრამ პირველ რიგში აქ გადაწყდა. მთელ ხეობას უნდა თემირლანის უდანაშაულობის აღიარება და დამნაშავეების დასჯა. ჩვენ გვაქვს თხოვნა და არა ულტიმატუმი ხელისუფლებასთან. ეს არის ჩემი ოჯახისთვის დიდი თანადგომა. შემდგომ ნაბიჯს კი დრო გვაჩვენებს”, – აცხადებს knews.ge-სთან საუბრისას მალხაზ მაჩალიკაშვილი.
ადგილობრივების თქმით, მათ არ აქვთ ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ. ისინი, ასევე, ითხოვენ მაჩალიკაშვილების ოჯახისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას.
,,ვერ ვხედავთ ვერაფერ შედეგს, რაც ჩვენში გაღიზიანებას იწვევს. უყურადღებობა ძალიან საწყენია სახელმწიფოს მხრიდან, უნდა გველაპარაკებოდნენ პირისპირ და არა შუამავლებით. გვინდა, ხმა მივაწვდინოთ კომპეტენტურ ორგანოებს, რომ გვინდა შეხვედრა პრემიერ მინისტრთან, რათა შეაფასოს არსებული მდგომარეობა”, – აცხადებს მოსახლეობა.
მოსახლეობა მთავრობის მეთაურთან შეხვედრისას ითხოვს ხადორის ჰიდროელექტროსადგურის საკითხის განხილვასაც, რომლის აშენება პანკისის ხეობაში იგეგმება.

 

ფოტო:pia.ge