ქართული ღვინო OIV-ის ჩამონათვალში მოხვდება
OIV-ის ჩამონათვალში ქართული ტრადიციული მეთოდებით დამზადებული ღვინის შეტანის საკითხი განხილვის შემდეგ ეტაპზე გადავიდა.
პრეზენტაცია ქართული ტრადიციული მეთოდებით დამზადებული ღვინის შესახებ პარიზში, OIV-ის ოფისში ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, გიორგი სამანიშვილმა წარადგინა.
,,OIV-ის სამუშაო ჯგუფში გამართული მსჯელობის შემდეგ, აღნიშნულმა საკითხმა მხარდაჭერა მოიპოვა. პროცედურების შესაბამისად, მიმდინარე წლის შემოდგომაზე, OIV-ის გენერალურ ასამბლეაზე, აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე საკითხის მორიგი განხილვა გაიმართება. 2017 წელს, ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციამ (OIV), დაჩქარებული წესით განხილვაში მიიღო ქართული მხარის წინადადება, რომ ქართული ტრადიციული მეთოდებით დამზადებული ღვინო, ანუ ჭაჭაზე დადუღებული ღვინო (ქარვისფერი ღვინო), OIV-ის სპეციალური ღვინოების ჩამონათვალში შევიდეს”, – განაცხადა გიორგი სამანიშვილმა.
ამჟამად OIV-ის სპეციალური ღვინოების ჩამონათვალში სულ 7 ღვინოა: შუშხუნა, ცქრიალა, შემაგრებული, ლიქიორული, ბუნებრივად ტკბილი ღვინოები, „აისვაინი“ და აპკის ქვეშ დავარგებული ღვინო (ხერესის ტიპი). ქართული ტრადიციული მეთოდებით დამზადებული ღვინო სპეციალური ღვინოების ჩამონათვალში მერვე იქნება.