გურჯაანში მცირე მარნების განვითარების პროგრამა დაიწყო
პროექტის ინიციატორის, გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის, დავით სონღულაშვილის თქმით, გურჯაანში მეწარმეებს და მცირე მარნების გახსნის მსურველებს შესაძლებლობა აქვთ, აღნიშნული პროგრამით ისარგებლონ და ბიზნესი გააფართოვონ. მისივე ინფორმაციით, მეწარმეებს შეუძლიათ 60%-იანი თანადაფინანსებით სახელმწიფოსგან 40%-იანი დაფინანსება მიიღონ, რომელსაც მცირე მარნის და ღვინის ტურიზმის განვითარებას მოახმარებენ.
პროექტს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს.
,,გურჯაანელებს საშუალება აქვთ, ჩაერთონ პროგრამაში და თანადაფინანსებით მცირე საწარმოები შექმნან. ეს მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტისთვის, რადგან გურჯაანი არის ღვინის ქალაქი. პროექტი მცირე მარნების, ღვინის ტურიზმის და ეკონომიკის განვითარებას, ასევე მარებში წარმოებული ღვინის რეალიზაციას შეუწყობს ხელს”, – აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.
როგორც Knews.ge-ს გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროში განუცხადეს, ბიზნესის დაწყების მსურველებს ბიუროში სპეციალისტები განაცხადის შესავსებასა და ბიზნეს გეგმის დამუშავებაში დაეხმარებიან. ბიუროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე პროგრამით 29 ადამიანმა ისარგებლა და პირველი ტური უკვე გადალახა.
,,აღნიშნული პროგრამით სარგებლობა 35 წლამდე მამაკაცებს და 40 წლამდე ქალებს შეუძლიათ, რომლებსაც ახალი წესით დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთი აქვთ, სადაც ბიზნესის დაწყებას და მარნის აშენებას გეგმავენ. მარანი არ უნდა იყოს განთავსებული საცხოვრებელ სახლში. მეწარმემ, პროექტის ფარგლებში, წელიწადში, 20 000 ბოთლი ღვინო უნდა აწარმოოს და გრანტის თანხა, 60 000 ლარი, საწარმოო ხაზის ასაწყობად უნდა გამოიყენოს’’,- განაცხადეს დეპუტატის ბიუროში.