გურჯაანის იუსტიციის სახლში პირველი რესპუბლიკის გამოფენა ორი კვირა გაგრძელდება
1918-1921 წლების ისტორიის ამსახველი ექსპოზიცია გურჯაანის იუსტიციის სახლში გაიხსნა. როგორც knews.ge-ს იუსტიციის სამინისტროში განუცხადეს, გამოფენა ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.
უწყების ინფორმაციით, გამოფენა მოიცავს წერილობით და ფოტომასალას საქართველოს დამოუკიდებლობის შესახებ პირველი რესპუბლიკის სამწლიან პერიოდში.
“არქივში დაცული მრავალფეროვანი მასალა საქართველოს ისტორიის ამ მოკლე პერიოდთან დაკავშირებულ ისეთ მნიშვნელოვან მოვლენებს ასახავს, როგორებიცაა: სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა და დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის ჩამოყალიბება; უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს – დამფუძნებელი კრების არჩევნების ჩატარება, რომელშიც მონაწილეობა ორივე სქესის ამომრჩევლებმა მიიღეს და კანდიდატებად დარეგისტრიტებული 20-ზე მეტი ქალიდან დამფუძნებელ კრებაში ხუთმა ქალმა დაიკავა ადგილი; საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღება და მრავალი სხვა”, – განაცხადეს იუსტიციის სამინისტროში.
აღსანიშნავია, რომ 2018 წელს საქართველოს პირველი რესპუბლიკის შექმნიდან 100 წელი გავიდა. საიუბილეო თარიღს ეროვნული არქივი არაერთი ღონისძიებით აღნიშნავს. მათ შორის არის გამოფენა „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“, რომელიც წლის განმავლობაში საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს.