მემცენარეობაში ნათესი ფართობები შემცირდა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2017 წლის წინასწარი შედეგების მიხედვით, გასულ წელს ნათესი ფართობების მოცულობამ თითქმის 214.9 ათასი ჰექტარი შეადგინა, რაც ნაკლებია არა მხოლოდ 2016 წელთან შედარებით, არამედ ბოლო ოთხი წლის მანძილზე ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
გარდა ამისა, შემცირებულია, როგორც საშემოდგომო მარცვლოვანი კულტურების, ისე საგაზაფხულო კულტურების ნათესი ფართობები.
სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, ასევე, დაამუშავა ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურების შესახებ ინფორმაცია ცალკეული სახეობების მიხედვით.
“ხორბალი 2017 წელს დათესილი იყო 43 ათას 400 ჰექტარ ფართობზე, რაც ბოლო ოთხი წლის მინიმუმია. გასულ წელს შემცირებულია, როგორც აღებული ფართობის მოცულობა, ისე საშუალო მოსავლიანობაც და წარმოებაც; კერძოდ, 2017 წელს ქვეყანაში 92 ათას 700 ტონა ხორბალი იქნა წარმოებული, რაც დაახლოებით, 33 ათასი ტონით ნაკლებია, ვიდრე – 2016 წლის მაჩვენებელი. საანგარიშო პერიოდში შემცირებულია ქერის, სიმინდის, კარტოფილის ასევე ბოსტნეულის ჯამური წარმოება. კლებაა თივად გამოსაყენებელი ბალახების წარმოებაშიც. ამასთან, 2017 წელს ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ყველაზე ცოტა იყო ციტრუსის წარმოებაც – სულ დაახლოებით, 58 ათასი ტონა. დაახლოებით, 75 ათასი ტონით ნაკლები იყო 2017 წელს ხილის მოსავალი და შეადგინა, დაახლოებით, 111 ათას 800 ტონა, რაც ბოლო 4 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია”, – განაცხადეს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში.
სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ გარკვეულწილად არ ეთანხმებიან სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკურ ინფორმაციას, ამიტომ საქსტატის მენეჯმენტთან სამუშაო შეხვედრას და ინფორმაციის გაცვლას გეგმავენ.