საოჯახო მარანი გურჯაანში, სადაც ღვინოს XII საუკუნიდან აყენებენ
გეთიაშვილების საოჯახო მარანში ღვინოს ქვევრში XII საუკუნიდან აყენებენ. ვაჟა გეთიაშვილის ინფორმაციით, იმ ადგილას, სადაც ქვევრებისთვის მიწას იღებდნენ, უძველესი ქვევრები აღმოაჩინეს, რომლებიც X-XII საუკუნეებით თარიღდება.
„2017 წელს, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფინანსური მხარდაჭერით მარანი აღიჭურვა წარმოების თანამედროვე დანადგარებით, ასევე ჩაიყარა ქვევრები. დაწურვა, დაღვინება და დავარგება მიმდინარეობს უჟანგავი ფოლადის ჭურჭელში. გასულ წელს იმ ადგილას, სადაც ქვევრებისთის მიწას ვიღებდით, მარანი დაგვხვდა. ქვევრები იყო ვერტიკალურ მდგომარეობაში, მიწის ზედაპირიდან ნახევარი მეტრის სიღრმეზე (ქვევრის ყელები); ერთი, საწური ქვევრი, დაახლოებით 1 ტონიანი და რამდენიმე, შედარებით მცირე, სხვადასხვა მოცულობის, ყველა – ბრტყელძირიანი. არქეოლოგებმა ქვევრები X-XII საუკუნეებით დაათარიღეს. სავარაუდოდ, მარანი შეძლებულ გლეხს ეკუთვნოდა. ოჯახს საკმაოდ დიდი ვენახი ჰქონოდა. ქვევრები კარის მეზობელმაც იპოვა. ასიოდე მეტრში წვიმამ გზა გადარეცხა და იქაც ქვევრი აღმოჩნდა. მეღვინეობის ისტორია თითქმის ყველა სოფელს აქვს. თუმცა, აქ ჩანს მეღვინეობის საკმაოდ დიდი კერა, სადაც ეს დარგი ყველა სხვა დარგზე დომინირებს“, – აღნიშნავს Knews.ge-სთან საუბრისას ვაჟა გეთიაშვილი.
ვაჟა ღვინოს ძველი ტრადიციული მეთოდით აყენებს. გეთიაშვილს დიდი ხნის განმავლობაში ვერ გადაეწყვიტა, ღვინო დაეყენებინა თანამედროვე ტექნოლოგიებით თუ წარმოება ძველი ტრადიციული მეთოდით გაეგრძელებინა. მეღვინემ საბოლოოდ წინაპრების ტრადიციის გაგრძელება გადაწყვიტა.
„2010 წელს კაჭრეთის პროფესიული სწავლების ცენტრში გაერომ „ღვინის სახლის“ პროექტი დააფინანსა, რომელიც გულისხმობდა ადგილობრივი მევენახეების ღვინის ბოთლში ჩამოსხმაში ხელშეწყობას. პროექტი, ასევე, ითვალისწინებდა პირველი პარტიის ჩამოსხმაში თანამონაწილეობას. მასში, ასევე, შედიოდა ზედამხედველობა და ინსტრუქტაჟი ოჯახში ღვინის დაყენების ყველა ეტაპზე, რომელსაც მეღვინეობის ექსპერტები ახორციელებდნენ. ვფიქრობდი, ღვინო დამეყენებინა ძველი ტრადიციული მეთოდით თუ თანამედროვე ტექნოლოგიებით. საბოლოოდ გადავწყვიტე წინაპრების ტრადიცია გამეგრძელებინა და ნატურალური ღვინის წარმოება დამეწყო. საოჯახო მარნში დავიწყეთ ღვინო „განსხვავებულის“ წარმოება და ეს ღვინო რამდენიმე წელიწადში ბიოღვინოდაც იქცა“, – ამბობს გეთიაშვილი.
ვაჟა ამბობს, რომ საოჯახო მარნების ბაზარზე მალე „განსხვავებულთან“ ერთად „ჩემიანიც“ გამოჩნდება. ის ფიქრობს, რომ „ჩემიანი“ და მარანში არსებული ძველი და ახალი ქვევრები იმ ოჯახთან გააერთიანებს, რომელიც ზუსტად იმავე მარანში ყურძენს დაახლოებით 900 წლის წინ წურავდა. მეღვინე ვარაუდობს, რომ „ჩემიანის“ წარწერა იქნება: „საოჯახო მარანი, ტრადიცია XII საუკუნიდან“.
„მარანში იწარმოება თეთრი მშრალი „განსხვავებული“ (რქაწითელი – 80%, კახური მწვანე – 20%) და წითელი მშრალი „შენიანი“ (საფერავი). ყურძენი მოყვანილია კაჭრეთის ზონაში, რომელიც გამოირჩევა კახეთის სამივე წამყვანი ჯიშის – რქაწითელის, კახური მწვანისა და საფერავის საუკეთესო ხარისხით და სულ უფრო მეტად იმკვიდრებს ადგილს მეღვინეობასა და ღვინის ტურიზმში“, – აღნიშნავს ვაჟა გეთიაშვილი.
ღვინის მაღალ ხარისხზე მიუთითებს მარნის წარმომადგენელი რეზო გეთიაშვილიც. ის ამბობს, რომ ვენახის მოვლისას არ იყენებენ აგროქიმიკატებს და პესტიციდებს, ღვინოს მინარევებს და ფილტრებს არ ხმარობენ.
„მეექვსე წელია, ვენახის სამუშაოები ხორციელდება ბიოლოგიური მეურნეობის წესების მკაცრი დაცვით. ღვინო მზადდება ნატურალურად, ხელოვნული ჩარევის გარეშე. წარმოებაში გამოიყენება ტრადიციული კახური მეთოდი – სექტემბერში დაწურული ღვინო ჭაჭიდან მარტში იხსნება“, – აცხადებს რეზო გეთიაშვილი.
ის ქვევრის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზეც ამახვილებს ყურადღებას. რეზო მიუთითებს, რომ ქვეყანაში, სადაც ქვევრს ალტერნატივა არ აქვს, მეღვინის სტატუსი გადაიცემა არა ამ მიმართულებით მიღებული აკადემიური განათლებით, არამედ მემკვიდრეობით.
,,ქვევრის მნიშვნელობას მარტივად ასე ავხსნი. ქვეყანაში, სადაც ქვევრს ანალოგი არ აქვს და ღვინის დამზადების უნიკალური ტექნოლოგიაა, მეღვინის სტატუსი დიპლომით კი არა, მემკვიდრეობით გადაიცემა. აკადემიური განათლება ამ დარგში არც მე მიმიღია, მაგრამ ყველაფერი მაქვს იმისთვის, რომ საუკეთესო ღვინო ვაწარმოო. შესაბამისად, ქვევრს იმ რეესტრში შევიყვანდი, რაც ქართულ ღვინოს სჭირდება: ვაზის ჯიშები, კლიმატი, მიწა და ქვევრი. ქვევრის გარეშე, ამ ყველაფერს ერთი კომპონენტი აკლია და მისი დამატებით უკვე საუკეთესო შედეგი უნდა მიიღო“, – ამბობს მეღვინე.