თელავს 24 საათიანი წყალმომარაგება 2020 წლიდან ექნება
უწყების ინფორმაციით, საქართველოს გაერთიანებული წყლამომარაგების კომპანიამ ქალაქ თელავის წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშოების შესყიდვაზე საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა.
„ქალაქის მოსახლეობას რამდენიმე წელია სასმელი წყალი 5-6 საათიანი გრაფიკით მიეწოდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ადგილობრივები უწყვეტი წყალმომარაგებით იქნებიან უზრუნველყოფილნი. სარეაბილიტაციო სამუშაოებს აზიის განვითარების ბანკი (ADB) „ურბანული სერვისების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამის“ ფარგლებში აფინანსებს. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2020 წელს დასრულდება“, – განაცხადეს ინფრასტრუქტურის სამინისტროში.
სამინისტროს ცნობით, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 6 ახალი ჭაბურღილის, 5 ახალი რეზრვუარის მშენებლობა, 5 არსებული ჭაბურღილის რეაბილიტაცია, მაგისტრალური მილსადენისა და გამანაწილებელი ქსელის მოწყობა.