ბოლო სამ თვეში კახეთში ოჯახური დანაშაულის ბრალდებით 68 პირი დააკავეს
აქედან კახეთის რეგიონში 68 პირია დაკავებული. როგორც knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა განუცხადა, ამ მიმართულებით გაწეული ძალისხმევისა და მომართვიანობის მნიშვნელოვნად ზრდის პარალელურად, არსებობენ ძალადობის მსხვერპლი პირები, რომლებიც თავს იკავებენ სამართალდამცველებთან თანამშრომლობისგან, არ ატყობინებენ დანაშაულის შესახებ პოლიციას ან შეტყობინების შემდეგ უარს აცხადებენ მოძალადის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. ლონდა თოლორაიას განმარტებით, ეს ფაქტორი მოძალადეს უბიძგებს ახალი და, როგორც წესი, უფრო მძიმე ძალადობის ჩადენისაკენ.
“ოჯახური დანაშაულისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია. სამინისტროს პოლიტიკა მოძალადეების მიმართ არის სამართლიანი და მკაცრი, რაც, უპირველეს ყოვლისა, მსხვერპლთა ძალადობისგან დაცვის მიზანს ემსახურება. სტატისტიკური მონაცემებით, 2018 წლის 1 იანვრიდან დღემდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, მთელი საქართველოს მასშტაბით, ოჯახური დანაშაულის ჩადენის ბრალდებით 855 პირი დააკავეს. მათ შორის, კახეთში დაკავებულია 68 პირი.
რაც შეეხება კონკრეტულ დანაშაულებს, ბრალდებულთა ძირითადი ნაწილი დააკავეს ოჯახში ძალადობის, ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარის, იძულებისა და ჯანმრთელობის დაზიანების ბრალდებით. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველა მსხვერპლს, ასევე, ყველა იმ პირს, რომელიც ფლობს ინფორმაციას ძალადობის შესახებ, ითანამშრომლონ პოლიციასთან და გამოძიებასთან, რათა დაუსჯელი არ დარჩეს ძალადობის არც ერთი ფაქტი და მსხვერპლს მიეცეს უსაფრთხო გარემოში ცხოვრების შესაძლებლობა”, – განუცხადა knews.ge-ს ლონდა თოლორაიამ.