ერთი წლის განმავლობაში შენგენის ზონის გადაკვეთაზე საქართველოს 1001 მოქალაქეს უარი ეთქვა
როგორც knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, 1 წლის განმავლობაში, საქართველოს 192 453-მა მოქალაქემ განახორციელა 258 663 ვიზიტი ევროკავშირის/შენგენის ზონაში, ხოლო 1001 ადამიანს უარი ეთქვა საზღვრის გადაკვეთაზე.
საქართველოსთვის ევროპის 30 ქვეყანაში უვიზო რეჟიმის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში 2017 წლის 8 მარტს გამოქვეყნდა. 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეები უვიზო მიმოსვლით 180 დღის განმავლობაში მაქსიმალური, 90 დღის ვადით შენგენის ზონაში სარგებლობენ, რომელიც მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანას, ევროკავშირის 4 არაწევრ ქვეყანას და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანას. ექსპერტები ეკონომიკურ სარგებელზე საუბრობენ, მაგრამ საქართველოს მოქალაქეებს და ხელისუფლებას ახსენებენ იმ რისკებს, რაც უვიზო რეჟიმის ე.წ. სწრაფი შეჩერების მექანიზმს უკავშირდება.
ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელის განმარტებით, შეჩერების მექანიზმი გულისხმობს ევროკავშირის მიერ ამა თუ იმ ქვეყანასთან უვიზო მიმოსვლის შეწყვეტას რამდენიმე ძირითადი კომპონენტის საფუძველზე. კახა გოგოლაშვილი მიუთითებს, რომ უვიზო მიმოსვლის შეწყვეტის ერთ–ერთი საფუძველია უსაფუძვლოდ თავშესაფრის მაძიებელთა მკვეთრად გაზრდა.
,,შეჩერების მექანიზმი ამოქმედდება იმ შემთხვევაში, თუ საქართველოდან საგრძნობლად გაიზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც საზღვარზე ევროკავშირის სახელმწიფოში შეშვებაზე უარს ეტყვიან და, რომლებიც შენგენის ზონაში უვიზოდ დარჩენის ვადებს დაარღვევენ. შენგენის ქვეყნებთან უვიზოდ მიმოსვლა შეწყდება იმ შემთხვევაშიც, თუ უსაფუძვლოდ თავშესაფრის მაძიებელთა მიმართვიანობა საგრძნობლად გაიზრდება, ქვეყანა ნაკლებად ითანამშრომლებს ევროკავშირთან რეადმისიის კუთხით (თანამშრომლობის გაძლიერება უკანონო მიგრაციის ბრძოლის საკითხებში) და საქართველოდან ჩასული ადამიანები საფრთხეს შეუქმნიან ევროკავშირის კონკრეტული სახელმწიფოს საზოგადოებრივი წესრიგსა და უსაფრთხოებას. ამ ეტაპზე საქართველოსთვის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საფრთხე არ არსებობს“, – განუცხადა knews.ge-ს კახა გოგოლაშვილმა.