ბადაგონი ღვინოს ჩინეთში ვეღარ გაყიდის
“ბადაგონში” აცხადებენ, რომ საწარმოს საგანგებო მუშაობის რეჟიმში, კომპანია მაინც ახერხებს თანამშრომლებისა და პარტნიორების მიმართ არსებული ვალდებულებების შესრულებას. ღვინის კომპანიის ინფორმაციით, ჩინეთთან ხელშეკრულება ამჟამად არ აქვთ. ამავდროულად, მიმდინარეობს სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან ხელშეკრულებების გადახედვაც.
“შეილახა კომპანია „ბადაგონის“ იმიჯი და რეპუტაცია საერთაშორისო ბაზრებზეც და ადგილობრივ დონეზეც, ბუნებრივია ამის რეაბილიტაციას გარკვეული დრო დასჭირდება და ამაზე მუშაობა უკვე დაწყებული გვაქვს. დღეს არსებულ ფორსმაჟორულ ვითარებაში კომპანიამ მიიღო როგორც ფინანსური, ისე მორალური ზიანი, თუმცა ამ ეტაპზე ფინანსური გაანგარიშებები არ გაუკეთებიათ. რაც შეეხება დავას, რომელიც კომპანიის მფლობელობას ეხება, ეს „ბადაგონის“ სამუშაო პროცესს არ უკავშირდება. მუშაობისთვის აუცილებელია სწრაფად დასრულდეს სახელმწიფო საგამოძიებო ორგანოს მიერ დაწყებული გამოძიების პროცესი, რაც მნიშვნელოვანია, ხოლო ცალკეული პირების დავა „ბადაგონის“ ფუნქციონირებას არ უკავშირდება. იმედი გვაქვს, სულ მალე, ბადაგონი – ქართული ღვინო, საერთაშორისო და ადგილობრივ ბაზრებზე აღდგება და შეძლებს დივერსიფიცირებას”, -განუცხადეს knews.ge-ს კომპანია “ბადაგონში”.