EMC ითხოვს, თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭოს
EMC 2017 წლის 26 დეკემბერს სოფელ დუისში მაჩალიკაშვილების საცხოვრებელ სახლში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ოჯახის წევრების მიმართ გამოვლენილი დამამცირებელი და ღირსების შემლახველი მოპყრობის ფაქტებზე გამოძიების დაწყებას და მათთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვს.
როგორც knews.ge-ს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის დირექტორმა სოფო ვერძეულმა განუცხადა, თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრების განმარტებით, სპეცოპერაცია ჩატარდა ოჯახის წევრების მიმართ სასტიკი და ღირსების შემლახავი მოპყრობისა და გაუმართლებელი კონტროლის ფორმებით, რომელმაც მათში შიშის, არასრულფასოვნების, დაუცველობის შეგრძნება და სულიერი ტანჯვა გამოიწვია.
„დილის 4 საათზე საცხოვრებელ სახლში შეჭრისთანავე შეიარაღებულმა და ნიღბიანმა სპეცრაზმელებმა მძინარე ოჯახის წევრები ძირს დაყარეს და იარაღის დამიზნებით არ აძლევდნენ გადაადგილების შესაძლებლობას. იარაღის დამიზნებით სპეცრაზმელებს ისინი დილის 4 საათიდან 10 საათამდე საკუთარ ოთახებში ყავდათ გამომწყვდეული და ბაზისური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების შესაძლებლობასაც კი არ აძლევდნენ. თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ გასროლა მისი დის თვალწინ განხორციელდა და ოჯახის წევრების არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, მათ არ აწვდიდნენ ინფორმაციას შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ადგილსამყოფელის შესახებ. მოგვიანებით თემირლან მაჩალიკაშვილის მამას შვილის ოთახში ჩატარებული ჩხრეკის პროცესში დასწრების შესაძლებლობა მისცეს. მალხაზ მაჩალიკაშვილს საკუთარი შვილის ლოგინში და იატაკზე დიდი ოდენობით სისხლის კვალი დახვდა, თუმცა მამისთვის სპეცრაზმელებს მომხდარის შესახებ არც მაშინ გაუკეთებიათ განმარტებები“, – განუცხადა knews.ge-ს სოფიო ვერძეულმა.
მისივე განმარტებით, სუს-ის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის დრო, მასშტაბი, კონტროლისა და მოპყრობის სასტიკი ფორმები გაუმართლებელი და თვითნებური იყო.
„ოჯახის წევრებმა შვილის დაჭრის შესახებ ზუსტი ინფორმაცია მოგვიანებით მხოლოდ თელავის საავადმყოფოში მისვლისას მესამე პირებისგან გაიგეს. შექმნილმა სიტუაციამ განსაკუთრებით დაამძიმა თემირლან მაჩალიკაშვილის მოხუცი ბებიის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მას ეპილეფსიური შეტევა დაეწყო. მისი ასაკისა და გამწვავებული ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, სპეცრაზმელებმა არ უზრუნველყვეს მისთვის დროული სამედიცინო დახმარების აღმოჩენა. მთლიანობაში იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები“, – აღნიშნა სოფიო ვერძეულმა.