სამხარაული – იყალთოში, კიკაბაურის ტერიტორიის ყიდვა გელა რამაზაშვილს სურს
გელა სამხარაული ამ ტერიტორიის გაყიდვაში დაინტერესებას გამორიცხავს. ის „ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელ მდივანს სიცრუეში ადანაშაულებს. გიორგი ბოტკოველმა გასულ კვირას განაცხადა, რომ მიწების გაყიდვაში სამხარაულის ინტერესი იკვეთება.
„მე გიორგი ბოტკოველის ნათქვამს სერიოზულად არ აღვიქვამ. გამიჭირდება პასუხის გაცემა. კიკაბაურის ტერიტორიის გაყიდვაში ჩემი დაინტერესება სიცრუეა და ტყუილია. ბევრს სურს მაგ მიწების ყიდვა. მე ვიცი, რომ ბიზნესმენებს, მათ შორის გელა რამაზაშვილს, აქვს სურვილი, რომ გარკვეული ინვესტუციები განახორციელოს, თუმცა მე მათთან ამ საკითხის შესახებ საუბარი არ მქონია. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ვითარდება ჩვენთან ტურიზმი. გასაკვირიც არ არის, რომ ისტორიულ სოფელში, ბიზნესმენებმა გამოთქვან სურვილი იყიდონ კარგი ადგილი, სადაც არაჩვეულებრივი ხედია. მე ვფიქრობ, რომ პრაგმატულად უნდა მივუდგეთ ასეთ საკითხებს. ეს უპირველეს ყოვლისა შესათანხმებელია სოფელთან, ადგილობრივ მოსახლეობასთან. ადამიანების 70%, რომლებმაც იყალთოში გამართეს აქცია, ჩემთვის მოუმართავთ თხოვნით, მივეხმარო დასაქმებაში. თუ ბიზნესი არ განვითარდება და კერძო ბიზნესი არ დაასაქმებს ჩვენს მოსახლეობას, სახელმწიფო ვერ იქნება დასაქმების ერთადერთი წყარო. მნიშვნელოვანია, რომ მეტი ინვესტიცია განხორციელდეს“, – აღნიშნა გელა სამხარაულმა.
შეგახსენებთ, რომ 23 მარტს სოფელ იყალთოს მოსახლეობის ნაწილი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე მივიდა და წარმომადგენლობით ორგანოს საძოვრების შესაძლო გაყიდვის საკითხის დღის წესრიგში შეტანა მოსთხოვა, რომელმაც მხარეებს შორის დაპირისპირება გამოიწვია. ერთმანეთს საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ბადურ რევაზიშვილი და მოქალაქე გიორგი მოსიაშვილი დაუპირისპირდნენ. მხარეებს შორის დაპირისპირება საპატრულო პოლიციამ განმუხტა. სამართალდამცველებმა მოსახლეობას საკრებულოს სხდომა დაატოვებინეს.