სტატიები

კახეთში ძაღლების ლეიშმანიოზით დაავადების ფაქტები გაიზარდა

უწყებაში ამბობენ, რომ წინა წლებთან შედარებით უფრო მეტი ბავშვია ინფიცირებული ამ დაავადებით. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მთავარი სპეციალისტი მერაბ იოსავა აღნიშნავს, რომ რამდენიმე წელია რეგიონებში დაავადების შემთხვევებმა მოიმატა. 
,,ჩვენი სამსახური აქტიურად აწარმოებს ლეიშმანიოზით დაავადების სტატისტიკას. ათეული წელია ამ საკითხზე აქტიურად ვმუშაობთ. ადრე კახეთში საერთოდ არ ფიქსირდებოდა მსგავსი დაავადების გავრცლება. ძირითადად დაავადება ფიქსირდებოდა თბილისში. რამდენიმე წელია დაავადებამ რეგიონებში გადაინაცვლა. გასულ წელს კახეთში 6 შეთხვევა დაფიქსირდა: თელავში-2, გურჯაანში-1, ყვარელში 2 და საგარეჯოში 1. 2018 წლის 2 თვის მონაცემებით თელავში 1, დედოფლისწაროში 1 და ყვარელში 1 შემთხვევაა დაფიქსირებული. დაავადება ძირითადად ბავშვებში ვლინდება. ლეიშმანიოზით ადამიანის დაავადება შემდეგნაირად ხდება: ლეიშმანიოზით დაავადებულ ძაღლს მწერი ფლებოტომუსი კბენს, რომელიც შემდეგ კბენს ადამიანს და დაავადების გამომწვევს გადასცემს. ამიტომ ლეიშმანიოზს ტრანსმისიულ დაავადებას უწოდებენ. ლეიშმანიოზი ძაღლებში ძალზე აქტუალური პრობლემაა. თავდაპირველად მათ, როგორც წესი, არაფერი ეტყობათ, შემდეგ ეწყებათ ბეწვის ცვენა, წონის კლება, სისხლდენა, უჩნდებათ წყლულები პატრონები ხშირად სწორედ ამ დროს ამჩნევენ დაავადებას. ავადმყოფობის შემთხვევები, წესისამებრ, ზამთარში ან გაზაფხულის დამდეგს იმატებს. ლეიშმანიოზით დაავადებული ძაღლის განკურნება პრაქტიკულად შეუძლებელია. არსებობს რეკომენდაცია, იგი დააძინონ”,- განუცხადა Knews.ge-ს მერაბ იოსავამ. 
გურჯაანში მცხოვრები ლევან იაგანაშვილის ჰასკის ჯიშის ძაღლს ლეიშმანიოზი დაახლოებით ერთი კვირის წინ აღმოაჩნდა. ლევანი ამბობს, რომ მის ძაღლს ჯანმრთელობის პრობლემის გაუარესება თვალებიდან დაეწყო. მან თვალებზე მკურნალობის შემდეგ ცხოველი თელავში ვეტერინართან, ხოლო შემდეგ თბილისში ,,ვეტ ჰაუსში“ გამოკვლევაზე წაიყვანა. იაგანაშვილის ინფორმაციით, გამოკვლევების შემდედ დაავადება ლაბორატორიულად დადასტურდა. იმავე დაავადების გამო მისი ორი მეგობარი იძულებული გახდა, ძაღლი დაძინებით მოეკლა.
,,ჩემს ძაღლს გამოკვლევების შედეგად ლეიშმანიოზი დაუდგინდა. ვეტექიმმა მკურნალობა დაუნიშნა, მაგრამ ძაღლის მდგომარეობა დღითიდღე გაუარესდა და ევთანაზია გადავწყვიტეთ. საშველი არ არსებობს. შეიძლება სიცოცხლის ცოტა ხანი გახანგრძლივება. ეს შემთხვევები გახშირდა. ამ ზაფხულს ჩემმა ორმა მეგობარმა ძაღლი ამ დაავადებით დააძინა’’, – განუცხადა Knews.ge-ს ლევან იაგანაშვილმა.
ვეტერინარული კლინიკა ,,ბუნების“ ვეტერინარი დავით ნანობაშვილი აღნიშნავს, რომ ბოლო ორ კვირაში კლინიკაში შეყვანილი 5 ძაღლიდან 4-ს ლეიშმანიოზის დაავადება დაუდგინდა. 
,,რეგიონებში მოსახლეობამ არ იცის. როგორ მიხედოს ძაღლებს. ყველა დაავადებას ე.წ. ქეცს ეძახიან და თვითონ მკურნალობენ, რაც საგანგაშოა. ბოლო დროს ისწავლა ხალხმა ცხოველის მოვლა და გაფრთხილება. უფრო მეტი აკითხავს ვეტერინარულ კლინიკებს და თვითმკურნალობას აღარ ეწევიან’’,- განუცხადა knews.ge-ს დავით ნანობაშვილმა. 
ვეტერინარი სოსო გურგენიძე კი ამბობს, რომ კახეთში მომუშავე ვეტერინარები დაავადებას მხოლოდ ცხოველის ან პირუტყვის გარეგანი დათვალიერების შემდეგ ადგენენ, ლაბორატორიულად დაავადების დადასტურება მხოლოდ თბილისშია შესაძლებელია. 
,,ჩემთან თუ მოიყვანენ ცხოველს მსგავსი დაავადებით, მხოლოდ შემიძლია დავათვალიერო ცხოველი და სავარაუდო პასუხი ვუთხრა. აქ რეგიონში ვერ ხერხდება ლეიშმანიოზის ლაბორატორიულად დადასტურება. ცხოველი, რომელზეც ეჭვი გვაქვს, რომ დაავადებულია, თბილისში სხვა ვეტერნიანულ კლინიკებში ვაგზავნით გამოკვლევაზე’’, – განუცხადა knews.ge-ს სოსო გურგენიძემ.