ახალი ამბებისტატიები

ქურმუხის ტაძრის გარშემო ძველი დავა განახლდა — ბაქო საპატრიარქოს „ტერიტორიულ პრეტენზიებზე“ მიუთითებს

აზერბაიჯანის კახის რაიონში მდებარე ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძრის გარშემო უთანხმოება კვლავ გამწვავდა. მიზეზი ტაძარსა და მის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოებია, რომელთა შესახებ საქართველოს საპატრიარქომ განმარტება და ქართველი სპეციალისტების პროცესში ჩართვა მოითხოვა.

საკითხი ახალი არ არის. „კახეთის ხმა“ ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარში ღვთისმსახურებისა და ქართული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პრობლემაზე ჯერ კიდევ 2015 წელს წერდა. 11 წლის შემდეგ მაშინ დასმული რამდენიმე საკვანძო საკითხი კვლავ მოუგვარებელია.

2015 წელს „კახეთის ხმა“ წერდა, რომ ქურმუხის ტაძარში რეგულარული ღვთისმსახურება არ ტარდებოდა და ქართველ სასულიერო პირებს მსახურების ჩატარების შესაძლებლობა მხოლოდ გიორგობის დღესასწაულებზე ჰქონდათ. ისტორიკოსები ასევე საუბრობდნენ ქართველ სპეციალისტთა ისტორიულ ძეგლებზე წვდომის პრობლემასა და ისტორიულ ჰერეთში ქართული ძეგლების კავკასიის ალბანურ კულტურულ მემკვიდრეობად გამოცხადებაზე.

გასული 11 წლის განმავლობაში მდგომარეობა ნაწილობრივ შეიცვალა. გიორგობის დღესასწაულებზე ქურმუხში საქართველოს საპატრიარქოსა და ხელისუფლების წარმომადგენლები ჩადიან და ტაძარში მსახურება ტარდება. თუმცა ქურმუხი დღემდე არ ფუნქციონირებს როგორც მუდმივად მოქმედი ქართული მართლმადიდებლური ტაძარი. 2024 წელს საქართველოს საპატრიარქომ აზერბაიჯანის ხელისუფლებას საჯაროდ მიმართა, ქურმუხის ეკლესია მოქმედ ტაძრად ქცეულიყო და საქართველოს საპატრიარქოს რეგულარული ღვთისმსახურების ჩატარების უფლება მისცემოდა. საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციით, ეს მოთხოვნა დღემდე შესრულებული არ არის.

ამასთან, კვლავ პრობლემად რჩება ძეგლის ისტორიულ-კულტურული კუთვნილების საკითხიც. საქართველოს საპატრიარქო ქურმუხს საქართველოსა და ქართული ეკლესიის ისტორიულ და სულიერ მემკვიდრეობად მიიჩნევს, აზერბაიჯანული მხარე კი მას კავკასიის ალბანეთის კულტურულ მემკვიდრეობას უკავშირებს.

უთანხმოების ახალი მიზეზი უშუალოდ ტაძარსა და მის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოები გახდა.

საქართველოს საპატრიარქომ განცხადება 24 სექტემბერს გაავრცელა. საპატრიარქოს ინფორმაციით, მას აზერბაიჯანის შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისგან სამუშაოების შესახებ ინფორმაცია არ მიუღია. უცნობია, კონკრეტულად რა სამუშაოები მიმდინარეობს, რა კვლევებს ეფუძნება ისინი და ვინ ახორციელებს. საპატრიარქო ასევე მიუთითებს, რომ ქართველი სპეციალისტები პროცესში ჩართული არ არიან და საქართველოს სახელმწიფო უწყებებს საკითხში გადაუდებელი ჩართვისკენ მოუწოდებს.

25 სექტემბერს საპატრიარქოს განცხადებას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა. ბაქოს განცხადებით, მიუღებელია აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არსებული გეოგრაფიული და ისტორიული ტოპონიმების სხვა სახელებით მოხსენიება. უწყებამ საქართველოს საპატრიარქოს მიდგომა აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობასთან მიმართებით „ტერიტორიული პრეტენზიების შემცველად“ შეაფასა და მოუწოდა ეკლესიას, არ გაიმეოროს „სომხური ეკლესიის მიდგომები“.  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკითხზე საჯარო პოზიცია ამ დრომდე არ გაუვრცელებია.

ვის პასუხისმგებლობაშია საკითხის გადაწყვეტა?

ქურმუხის ტაძარი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარეობს, შესაბამისად, ტაძარზე მიმდინარე სამუშაოების ნებართვა, ძეგლის დაცვა და მის ტერიტორიაზე დაშვების რეჟიმი პირველ რიგში აზერბაიჯანის შესაბამისი სახელმწიფო უწყებების კომპეტენციაშია.

საქართველოს მხრიდან კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ქართველი სპეციალისტების პროცესში ჩართვის საკითხი სახელმწიფოთაშორის თანამშრომლობას საჭიროებს. სწორედ ამიტომ საქართველოს საპატრიარქომ ბოლო განცხადებაში საქართველოს შესაბამის სახელმწიფო უწყებებს ოფიციალური ინფორმაციის მოპოვებისა და პროცესში ჩართვისკენ მოუწოდა. თუმცა აქამდე პასუხისმგებელი უწყებების განმარტება არ ყოფილა.

რეგულარული ღვთისმსახურების საკითხიც მხოლოდ საქართველოს საპატრიარქოს გადაწყვეტილებით ვერ მოგვარდება — ამისთვის აზერბაიჯანის შესაბამისი ხელისუფლების თანხმობაა საჭირო. საპატრიარქომ ასეთი თანხმობა საჯაროდ ჯერ კიდევ 2024 წელს მოითხოვა.

ამდენად, 2015 წლის შემდეგ ნაწილობრივ მოგვარდა ქურმუხში ქართველი სასულიერო პირებისა და ოფიციალური დელეგაციების პერიოდული დაშვების საკითხი, თუმცა კვლავ ღიად რჩება სამი ძირითადი პრობლემა — რეგულარული ღვთისმსახურება, ძეგლის ისტორიულ-კულტურული იდენტობის შესახებ განსხვავებული პოზიციები და ტაძრის კვლევა-რეაბილიტაციის პროცესში ქართველი სპეციალისტების მონაწილეობა.

სრულად იხილეთ „კახეთის ხმის“ მიერ 2015 წელს მომზადებული სტატია:
https://knews.ge/?p=26436