ჰერეთში მოქმედ ერთადერთ ქართულ ეკლესიაში ღვთისმსახურება არ სრულდება
ისინი აზერბაიჯანისა და საქართველოს სამთავრობო უწყებებს საკითხით დაინტერესებას სთხოვენ. ისტორიკოს ბუბა კუდავას განცხადებით, ისტორიული ჰერეთის ნაწილი აზერბაიჯანის სახელმწიფოს შემადგენლობაშია, სადაც ცხოვრობენ როგორც მუსლიმი, ასევე ქრისტიანი ქართველები. კუდავას თქმით, აღნიშნული ტერიტორია მდიდარია ისტორიით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით, რომელთა დიდი ნაწილი ქართული და ქრისტიანულია.
ისტორიკოსის ცნობით, ჰერეთში მხოლოდ კახის წმ. გიორგის სახელობის ტაძარი იყო მოქმედი, სადაც 7 000 ქართველს ჰქონდა შესაძლებლობა ღვთისმსახურებას დასწრებოდა. დაახლოებით ერთი თვის წინ კი ქართველ მღვდელმსახურს, არქიმანდრის დემეტრე თეთრუაშვილს, რომელიც კახში ღვთის მსახურობას აღასრულებდა, არ მიეცა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის გადაკვეთის საშუალება და ერთადერთი მოქმედი ქართული ეკლესია ამჟამად დაკეტილია.
“ჩვენ სრულიად ვითვალისწინებთ იმ კეთილმეზობლურ და მჭიდრო ურთიერთობებს, რაც საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არის. ოდანავადაც არ გვინდა, ჩრდილი მივაყენოთ ამ ურთიერთობებს. პირიქით, ვფიქრობთ, რომ ასეთი ფაქტები აყენებენ ჩრდილს ორი ქვეყნის კეთილმეზობლურ ურთიერთობას. ვფიქრობთ, აზერბაიჯანისა და საქართველოს ხელისუფლებებმა, სამთავრობო უწყებებმა, ყველას, ვისაც ეს საკითხი მეტ-ნაკლებად ეხება, ცდა არ უნდა დააკლონ, რომ ხელოვნურად შექმნილი პრობლემა მოგვარდეს”, – განცხადა ბუბა კუდავამ.
მისივე თქმით, საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს მსგავსი პრობლემები არ აქვთ და არც უნდა ჰქონდეთ. კუდავას განმარტებით, მათ აქვთ რამდენიმე ათეული მოქმედი მეჩეთი, სადაც რამდენიმე ათეული სასულიერო პირი მსახურობს.
ისტორიკოსების თქმით, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მსგავსი პრობლემები ექმნებათ ჰერეთში ქართველ ისტორიკოსებს, სპეციალისტებს, ტურისტებს ისტორიული ძეგლების გადაღება-დათვალიერებისასაც კი. ქართველ ისტორიკოსებს კი არ ეძლევათ საშუალება, შეისწავლონ არსებული ისტორიული ძეგლები და მათი დღევანდელი მდგომარეობა. ძეგლების უმრავლესობა გამოცხადებულია ალბანური კულტურის ძეგლებად.
ისტორიკოსების ინფორმაციით, პრობლემებია რეგიონის მთავარ სალოცავთან, ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესიასთან დაკავშირებითაც, სადაც ქართველ სასულიერო პირს ღვთისმსახურების აღსრულების შესაძლებლობა წელიწადში მხოლოდ ორჯერ, 23 ნოემბერსა და 6 მაისს, წმინდა გიორგის ხსენების დღეს, ეძლევა.