ახალი ამბები

თელავის დემოკრატიის სკოლის ახალი პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა

NIMD -ის თელავის დემოკრატიის სკოლაში აცხადებენ, რომ სკოლაში დაწყებულია სწავლის მსურველთა აპლიკაციების მიღება, რომელიც 28 ივლისს დასრულდება. აპლიკაციები ხელმისაწვდომია საიტზე: – school.nimd.ge და nimd.ge. 
თელავის დემოკრატიის სკოლის კოორდინატორი, ნიკოლოზ შარვაშიძე განცხადებით, სკოლები წარმოადგენს ინტენსიურ საგანანათლებლო პროგრამას, რომელიც განკუთვნილია ადგილობრივი თვიმმართველობის, არასამთავრობო სექტორის, მედიის, პოლიტიკური პარტიების, აკადემიური წრეების წარმომადგენლების, წარმატებული სტუდენტებისა და თანამედროვე დემოკრატიის საკითხებით დაინტერესებული აქტიური მოქალაქეებისთვის.
,,თელავის გარდა, ჩვენ, ასევე, შეხვედრები ჩავატარეთ კახეთის სხვადასხვა რაიონში. გვინდა, რომ პროგრამამ მოიცვას მთელი რეგიონი და მონაწილეები მოვიწვიოთ სხვადასხვა რაიონიდანაც. ასევე ჩვენი დიდი სურვილია, რომ პროგრამაში ჩავრთოთ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებიც. დემოკრატიის სკოლები არის ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც დაინტერესებულია საზოგადოებრივ – პოლიტიკური ცხოვრებით ან ზოგადად ამ სფეროებით, თავის თემში ცვლილებების სურვილით და მოტივირებულია სხვადასხვა აქტივობაში ჩასართავად, მზადაა ცვლილებებისთვის და გარკვეული თანამედროვე განათლების მისაღებად. ასევე პოლიტიკური პარტიების აქტივისტებისთვის, მედიისთვის, არასამთავრობო სექტორისთვის, აკადემიური პერსონალისთვის, სტუდენტებისა და ა.შ”,- განუცხადა knews.ge-ს ნიკოლოზ შარვაშიძემ.
მისივე თქმით, სკოლა ყველა მსურველს სთავაზობს ინტენსიურ 5 თვიან საგანმანათლებლო ტრენინგ პროგრამას, რომელიც არაერთ მნიშვნელოვან საკითხს მოიცავს.
,,ჩვენი აზრით, ნიმდის სკოლაში სწავლა გამოცდილების მიღებისთვის მნიშვნელოვანია, რადგან მსმენელები სწავლობენ განსხვავებული აზრების მოსმენას. გარდა ამისა, მსჯელობენ გარკვეულ საკითხებზე და შეთანხმებისა და დიალოგით ეძებენ პრობლემის გადაჭრის გზებს, რაც მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენს ქვეყანაში დაბალია პოლიტიკური დიალოგისა და თანამშრომლობის კულტურა.წელს უკვე გამოვაცხადეთ მიღება და სექტემბრიდან უკვე მეექვსედ გავხსნით თელავში დემოკრატიის სკოლას. გარკვეული შერჩევის საფუძველზე შეირჩევა 20-22 მონაწილე, რომლებსაც მიეცემათ შანსი და შესაძლებლობა კურსის სრულად გასავლელად”,– განაცხადა შარვაშიძემ.