სოფელ ბაბანეურში წარმოებული ღვინო ევროკავშირის ბაზარზე იყიდება
„ბაბანეურის მარნის“ მფლობელი ვახტანგ იდოიძე აცხადებს, რომ ღვინო ექსპორტზე საფრანგეთსა და ჰოლანდიაში გადის. მისივე ინფორმაციით, პროდუქცია ძირითადად ღვინის მაღაზიებში იყიდება.
„მე ღვინოს ქვევრში უძველესი ტრადიციით ვაყენებ. ბაბანეურის მარნის“ ღვინო იყიდება საფრანგეთსა და ჰოლანდიაში. საფრანგეთიდან და ჰოლანდიიდან ჩამოდიან იმპორტიორები და მიაქვთ ღვინო. თავიდან არც მიფიქრია იმაზე, რომ ჩემი ღვინო საფრანგეთსა და ჰოლანდიაში გაიყიდებოდა. ქართულ ღვინოს იმაზე მეტი შეუძლია, ვიდრე წარმოგვიდგენია. ქვევრის ტექნოლოგია და ბიოღვინოს მიმართულება თავის საქმეს აკეთებს. ევროპაში ქვევრის ღვინოზე დიდი მოთხოვნაა“, – განუცხადა Knews.ge-ს ვახტანგ იდოიძემ.
მეღვინე პროდუქციის ინგლისშიც გაყიდვას გეგმავს. ვახტანგ იდოიძე ავროკავშირის ბაზრის უპირატესობაზეც საუბრობს.
„ევროკავშირის ბაზარს ძალიან დიდი უპირატესობა აქვს. პირველ რიგში ეს არის სტაბილური ბაზარი. ევროპის ბაზარი ჩამოყალიბებულია, სადაც დადგენილი თამაშის წესები მოქმედებს. ამჟამად ინგლისში ვარ გამოფენაზე. სამომავლოდ ვგეგმავ, ჩემი ღვინო დიდ ბრიტანეთშიც გავიტანო ექსპორტზე, თუმცა ამ პროცესს გარკვეული დრო დასჭირდება“, – აღნიშნავს იდოიძე.
იდოიძე ღვინოს რქაწითელის, ქისის, საფერავისა და მწვანე ჯიშის ყურძნისგან აწარმოებს. მეწარმე ირწმუნება, რომ ვენახის მოვლისას აგროქიმიკატებს არ მოიხმარს და ღვინოს სპეციალური დანამატების გარეშე აყენებს, რაც პროდუქციის მაღალ ხარისხს განაპირობებს.
„ჩვენი ვენახების ადგილმდებარეობა იდეალურია საუკეთესო ხარისხის ყურძნის მისაღებად. ვთვლით, რომ გვაქვს მაღალი ხარისხის ნატურალური ღვინოები, როგორც ჩვეულებრივი, ასევე ბიო ღვინოები. ღვინოს ტრადიციული მეთოდით ვაყენებთ. ვენახის მოვლისას არ ვიყენებთ აგროქიმიკატებს, რადგან ხარისხიანი ღვინის დაყენება ვენახის მოვლიდან იწყება. ჩვენი ღვინოები ბაზარზე 2011 წელს გამოჩნდა და წარმატებით იყიდება როგორც ბოთლის, ასევე ჩამოსასხმელი სახით“, – აცხადებს იდოიძე.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ევროკავშირის ქვეყნებში ქართული ღვინის ექსპორტი გაიზარდა.
„2017 წლის მონაცემებით, ღვინის ექსპორტის ზრდა ფიქსირდება ევროკავშირის მთელ რიგ ქვეყნებში: პოლონეთში 1 600 302 ბოთლი ღვინო გაიყიდა ,რომელიც ქართული ღვინის სტაბილურ, მზარდ ბაზარს წარმოადგენს. ლიტვაში ექსპორტზე 658 666 ბოთლი ღვინო გავიდა ექსპორტზე, ესტონეთში 506 124 ბოთლი, ნიდერლანდებში – 51 432 ბოთლი, საფრანგეთში – 37 956 ბოთლი, დანია – 34 840 ბოთლი და სხვა“, – განუცხადეს knews.ge-ს ღვინის ეროვნულ სააგენტოში.