თელავში არასამთავრობო ორგანიზაციებმა გენდერულ კვოტირებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს
ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მოუწოდეს პარლამენტს და კახეთის მაჟორიტარ დეპუტატებს, დროულად განიხილონ საკანონმდებლო ინიციატივა პლენარულ სხდომაზე.
,,უმნიშვნელოვანესია, ხელისუფლებამ და ოპოზიციურმა პარტიებმა გამოავლინონ ქალთა და მამაკაცთა შორის თანასწორობის მკაფიო პოლიტიკური ნება და დაუჭირონ მხარი საქართველოს მოქალაქეთა საკანონმდებლო ინიციატივას. ჩავწერეთ ვიდეომიმართვა, სადაც პარლამენტსა და ადგილობრივ მაჟორიტარ დეპუტატებს მოვუწოდეთ, მხარი დაუჭირონ აღნიშნულ ინიციატივას გენდერული ბალანსის გასაუმჯობესებლად”, – განუცხადა Knews.ge-ს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორმა, ლიკა იმერლიშვილმა.
2017 წლის 12 ივნისს, 37,455-მა ამომრჩეველმა საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართა, რომელიც საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, პარტიებსა და ბლოკებს დაავალდებულებს, რომ პარტიულ სიებში ყოველი მეორე განსხვავებული სქესის კანდიდატი წარადგინონ.
კანონპროექტის მიხედვით, პარლამენტის ან საკრებულოს პროპორციული წესით არჩეული წევრისთვის დეპუტატის მანდატის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, მის ადგილს დაიკავებს სიაში რიგით მომდევნო იმავე სქესის წარმომადგენელი. შემოთავაზებული მოდელი გენდერული კვოტირების დროებითი სპეციალური ღონისძიების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს. საკანონმდებლო ინიციატივის მიღების შემთხვევაში, 2020 წლის მოწვევის პარლამენტში ქალთა რაოდენობა მინიმუმ 26% იქნება. აღსანიშნავია, რომ საკომიტეტო განხილვის ეტაპზე კანონპროექტს მხარი უკვე დაუჭირეს იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და რეგიონული განვითარების კომიტეტებმა.