ახალი ამბები

თელავში კახეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს ახალი ოფისი გაიხსნა

როგორც knews.ge-ს ჩოგოვაძემ განუცხადა, პროექტის მიზანია სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, რომელიც კახეთის ტურისტული პოტენციალის საერთაშორისო დონეზე წარმოჩენას შეუწყობს ხელს.
„საქართველოში ტურიზმი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი განვითარების მიმართულებით და შესაბამისად კახეთშიც. ეს ორგანიზაცია ხელს შეუწყობს იმას, რომ კერძო სექტორის, ადგილობრივი მთავრობისა და ცენტრალური ხელისუფლების კოორდინაცია კიდევ უფრო გაძლიერდეს, რათა ტურიზმი კიდევ უფრო განვითარდეს. 2018 წელი იქნება ახალი რეკორდების წელი ტურისტების რაოდენობის თვალსაზრისით როგორც კახეთში, ისე მთელ საქართველოში“, – განუცხადა knews.ge-ს გიორგი ჩოგოვაძემ. 
„ყველა ინვესტორს, რომელიც ჩამოდის კახეთში და სურს სოფლის მეურნეობაში, ტურიზმში თანხების ჩადება, ამ სააგენტოს საშუალებით მიეწოდება ზუსტი ინფორმაცია, თუ რა შესაძლებლობები და საშუალებებია. ეს სააგენტო იქნება ნავიგატორი, შუამავალი ყველა იმ ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოსთან, რომელმაც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ინვესტიციის განხორციელებისთვის“, – განაცხადა კახეთის გუბერნატორმა, ირაკლი ქადაგიშვილმა. 
კახეთის რეგიონალური განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, პროექტის ფარგლებში გაიმართება პრესტურები, ტურისტული და ბიზნეს ფორუმები და სხვა აქტივობები. მალხაზ ჭრელაშვილის ინფორმაციით, პროექტი ხელს შეუწყობს რეგიონში ახალი ტურისტული პროდუქტების შექმნას, სერვისის ხარისხის ამაღლებას და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებას.
„დღეს იყო კახეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს პრეზენტაცია, სადაც დავაანონსეთ ყველა ის ღონისძიება, რომელსაც ფიქრობს ჩვენი ორგანიზაცია. 2018 წელს იქნება საინტერესო ფორუმები. დაგეგმილია საერთაშორისო ტურისტული და ბიზნეს ფორუმები. ვაპირებთ დონორ ორგანიზაციათა ფორუმის, გამოფენების ჩატარებას მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან და ტურიზმის სექტორში ჩართულ ორგანიზაციებთან ერთად“, – აღნიშნა მალხაზ ჭრელაშვილმა. 
მისივე თქმით, მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო ექსპერტების ხელშეწყობით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, მუნიციპალური განვითარების ფონდი და ადგილობრივი მუნიციპალიტეტები მიმდინარე წლის ბოლომდე დაასრულებენ მუშაობას კახეთის რეგიონის პირველი DMO-ს (დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზციის) ჩამოყალიბებაზე. აღნიშნული ორგანიზაცია ააიპი „კახეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს“ ბაზაზე შეიქმნება.