თელავში მეწარმე ქალებისთვის ტრენინგების ციკლი დაიწყო
ორგანიზაციის დირექტორის, მაია მამულაშვილის თქმით, ტრენინგი ტარდება მშვიდობის კორპუსის მხარდაჭერით და მისი მიზანია კახეთის აგრომეწარმე ქალთა უნარებისა და შესაძლებლობების გაძლიერება.
,,ტრენინგის მიზანი არის კახეთში მცხოვრებ აგრომეწარმე ქალთა უნარებისა და შესაძლებლობების გაზრდა მათი ბიზნესის და შემოსავლების გაზრდის თვალსაზრისით. მადლობა მინდა გადავუხადო მშვიდობის კორპუსის ამერიკელ მოხალისეებს, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართული ამ ტრენინგ-პროგრამაში და მეწარმე ქალბატონებს აქტიურობისთვის’’,- განუცხადა knews.ge-ს მაია მამულაშვილმა.
,,მედია ცენტრი კახეთის“ ამერიკელი მოხალისე სარა დიშის განცხადებით, აუცილებელია მეწარმეებმა იცოდნენ როგორ დაწერონ ბიზნეს გეგმა და გაზარდონ წარმოება. სარა დიში მეწარმეების უნარჩვევების გაუმჯობესებაზე მუშაობს და მათ გადამზადებაში იღებს მონაწილეობას.
,,ეს ტრენინგები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან კახეთში მცხოვრებ ქალებს აქვთ საკუთარი ბიზნესი და მათ სჭირდებათ იცოდნენ, როგორ დაწერონ ბიზნეს გეგმა, განავრცონ თავიანთი ბიზნეს შესაძლებლობები, გაზარდონ წარმოება და სხვა. ბევრი გამოთქვამს სურვილს, რომ ერთად იმუშავონ და გააკეთონ ქსელი, რომელიც საშუალებას მისცემთ მათ, გახდნენ ძლიერები და კოოპერატიულები’’,- განუცხადა knews.ge-ს სარა დიშმა.