ერეკლე მეფის სასახლის ძველი ვიტრაჟების ნაწილი ღია ცის ქვეშ ყრია
შესაბამისი ფოტომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა. როგორც knews.ge-ს ისტორიული მუზეუმის დირექტორმა, გურამ ურჩუხიშვილმა განუცხადა, მეფის სასახლის ძველი ვიტრაჟები დაზიანებული, გამოუსადეგარია და ისტორიულ დატვირთვას არ წარმოადგენს. მისივე ინფორმაციით, ხე მასალა, რომელიც შედარებით უკეთეს მდგომარეობაშია სარდაფში ინახება.
“ბატონის ციხის რეაბილიტაციის დროს მოიხსნა ძველი ვიტრაჟები და სრულიად ახლით შეიცვალა. ხე- მასალა, რომელიც შედარებით უკეთეს მდგომარეობაში იყო, სარდაფში, სპეციალურად მოწყობილ ადგილას მოვათავსეთ. მას დაზიანების საფრთხე არ ემუქრება. რამდენიმე ძველი ვიტრაჟი კი, რომელიც გარეთ ეზოშია განთავსებული, დაზიანებული, გამოუსადეგარია და რაიმე ისტორიული დატვირთვას არ წარმოადგენს”, – განუცხადა knews.ge-ს გურამ ურჩუხიშვილმა.
ბატონის ციხის კომპლექსის რეაბილიტაცია, რომლის საერთო ღირებულება 7 მილიონი ლარია, რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება. პროექტის განხორციელების ძირითადი მიზანი ძეგლისთვის პირვანდელი იერსახის შენარჩუნება, კახეთის რეგიონში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენა და ტურიზმის განვითარებაა. სამუშაოებს სამშენებლო კომპანია “ჯავა” ახორციელებს. ბატონის სასახლეს რესტავრაცია გასული საუკუნის 80-იან წლებში ჩაუტარდა.